რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ურბანული და პარტიზანული ბრძოლა – უკრაინელების იმედი ოკუპანტებთან ომში

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ურბანული და პარტიზანული ბრძოლა – უკრაინელების იმედი ოკუპანტებთან ომში

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრით თითქოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა, თუმცა, რეალურად, უკრაინელ ხალხს ამ ომში კარგად დავიწყებული ტაქტიკებისთვის დაბრუნება მოუწევს. უკრაინას საოკუპაციო ძალებთან გასამკლავებლად ურბანული და პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკები სჭირდება. ბოლო რამდენიმე საუკუნეა, რაც ეს ხალხი სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებდა, იქნებოდნენ ესენი XVII საუკუნის ჰაიდამაკებისა და ოპრიშკების მოძრაობები, თუ უკვე XX საუკუნის უკრაინის მეამბოხეთა არმია.

 დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე XV-XIX საუკუნეებში არსებობდა ოპრიშკების მოძრაობები, რომლებიც ხშირად ფეოდალებს უპირისპირდებოდნენ. 
ვლადისლავ სკოჩილასის გრავიურა, 1916 წელი.

ამ ომში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ქალაქებს აქვთ. როგორც უკრაინის დაზვერვა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე იუწყებოდა, ძირითადი საფრთხის ქვეშ იყო: ხერსონი, ხარკოვი და დედაქალაქი კიევი. 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად გამოჩნდა, რომ ინფორმაცია სიმართლე იყო. ასევე მნიშვნელოვანი ობიექტია მარიუპოლიც. ყოველ ამ ქალაქს რუსეთისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. 

ქალაქი ხერსონი და მთელი ეს ოლქი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. ამ რეგიონში მდებარეობს კახოვკას ჰიდროელექტროსადგური, რომელიც რუსეთს მიტაცებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის სჭირდება. თუ ოკუპანტები ხერსონს სრულად დაიკავებენ, ეს შეიძლება მათი სამხრეთ თავდასხმის მიმართულების მთავარი პლაცდარმი გახდეს. ხარკოვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია უკრაინის ეკონომიკისთვის. აქ თავს იყრის და ფაქტობრივად იქმნება რკინიგზისა და სამანქანო გზების მთავარი კვანძი. რუსეთის ჯარისთვის, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია სარკინიგზო მომარაგებაზე, ამ პუნქტის დაკავება ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრა იქნება. მარიუპოლი არის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის საპორტო ქალაქი. თუ უკრაინა მას და ხარკოვს დაკარგავს, ქვეყნის ეკონომიკა სამუდამოდ დაკოჭლდება. რაც შეეხება კიევს - აქ რუსეთის უპირველესი მიზანი მთავრობის დამხობა და საკუთარი მარიონეტი რეჟიმის დანიშვნა უნდა იყოს.

სწორედ კიევი არის ოკუპანტების მთავარი სამიზნე. თუ ეს ქალაქი დაეცა, შესაძლოა მასთან ერთად ჯარისა და შეიარაღებული სამოქალაქო წინააღმდეგობის საბრძოლო სულისკვეთებაც დაეცეს. ამიტომაც, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ, რომ კიევი კბილებითაც დაიცვან, თუ ამის საჭიროება დადგება.

როგორ უნდა დაიცვან უკრაინელებმა კიევი?

დროთა განმავლობაში,  იარაღის განვითარებასა და საბრძოლო ტაქტიკების ცვლილებასთან ერთად, ქალაქების გარშემო გალავნების შენებამ აზრი დაკარგა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე დასახლებული პუნქტები თავდამსხმელებისგან დაუცველია. განაშენიანების ახალმა ფორმამ კონფლიქტების დროს შექმნა, ასე ვთქვათ, ომის ახალი სახე - ურბანული ბრძოლა. მართალია თავდამსხმელ ძალებს დღეს ციხესიმაგრეები და გალავნები არ დახვდებათ, თუმცა თანამედროვე ქალაქში ყოველი მყარად მდგარი კორპუსი, შესაძლოა, ციტადელად იქცეს. 

ახლა, როცა კიევის მიმართულებით რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკა მიიწევს, სავარაუდოა, რომ საქმე ურბანულ ბრძოლამდე მივა, თუ რა თქმა უნდა, ისინი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევენ.

აუცილებელია იმაზე ხაზგასმა, რომ ურბანული ბრძოლის შედეგი ორიოდე დღეში ვერ გადაწყდება. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. მაგალითად, ჩეჩნეთში გროზნოს მეორე ალყა 1999 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 2000 წლის 6 თებერვალს დასრულდა, ან ფალუჯას მეორე ბრძოლა, როდესაც ერაყელი ისლამისტებით გამაგრებულ ქალაქს ალყა აშშ-ს კოალიციურმა ჯარებმა 2004 წლის 7 ნოემბერს შემოარტყეს, რაც 23 დეკემბრამდე გაგრძელდა. ზოგადად, სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქში გამაგრებულ დამცველს თავდამსხმელთან შედარებით უპირატესობა აქვს. 

რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინელებს, თუ რუსული ჯავშანტექნიკის მრავალი კოლონა კიევს მიადგება? 

პირველ რიგში, როგორც სამხედრო ექსპერტები ჯონ სპენსერი და ჯეისონ გერუ ამბობენ, ნებისმიერი ურბანული ბრძოლის დროს აუცილებელია სტრატეგიული საბრძოლო პოზიციის შერჩევა, სადაც დამცველი ძალები გამაგრდებიან. მათ ამისთვის შეუძლიათ გამოიყენონ სქელკედლიანი, მყარად ნაშენი ნაგებობები, როგორიცაა სამთავრობო შენობები, კორპუსები ან ზოგ შემთხვევაში ბანკები. მსგავს ობიექტებს ნაკლებად სჭირდებათ დამატებით თავდაცვით ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. შენობების კიდევ უფრო გამაგრება და სტრატეგიულად გადაკეთება შესაძლებელია ქვიშის ტომრებით, მავთულხლართებით, ფოლადის კონსტრუქციებითა და ა.შ.

დაცული შენობებიდან საპასუხო მძიმე ცეცხლის გახსნაც შესაძლებელი რომ იყოს, აუცილებელია მსხვილი კალიბრის იარაღის განთავსება. ასე სტრატეგიული მნიშვნელობის შეიარაღება უფრო უკეთ იქნება დაცული მოწინააღმდეგის პირდაპირი ცეცხლისგან და თავადაც უკეთეს სასროლ პოზიციაზე იქნება. შესაძლებელი უნდა იყოს ამ დანადგარების სართულებზე, საჭიროებიდან გამომდინარე, გადაადგილებაც. მაგალითისთვის, 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში, მანილას ბრძოლის დროს, იაპონელმა სამხედროებმა საკუთარ განადგურებულ გემებს მოხსნეს მაღალკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და ქალაქის გამაგრებულ წერტილებში განათავსეს.

ამერიკული ქვეითთა 37-ე ბრიგადის ჯარისკაცები იაპონელების პოზიციებისკენ მიიწევენ. ფილიპინები, ქალაქი მანილა, 1945 წლის 13 თებერვალი.

საჭიროა ქალაქში გზების ბარიკადებით გადაკეტვა, რაც შესაძლებელია რკინა-ბეტონის ნამტვრევების დაყრით, ზოგიერთი შენობის დანგრევით ან ბეტონის ბარიერების განთავსებით. მსგავსი წინაღობები თავდამცველს აძლევს საშუალებას ქუჩები გადაკეტოს ისე, რომ თავდამსხმელს სიარული არახელსაყრელ გზაზე მოუწიოს. ასეთ ვითარებაში მცველი მხარე დაიწყებს კონკრეტულ წერტილებში ჩასაფრებებს. ქუჩების გადაკეტვა ქალაქში შესულ თავდამსხმელებს ართმევს სწრაფი მანევრირების საშუალებას. ასევე, გამოსადეგია მარტივად გადასატანი ბარიკადები, მაგალითად მანქანები, გზების გადასაკეტად.  აღსანიშნავია, რომ კიეველებს, 2014 წლის ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ, უკვე აქვთ ბარიკადების აღმართვის გამოცდილება. 

რათა ქალაქში გამაგრებულებს შენობებში გადაადგილება გაუმარტივდეთ, ნაგებობების შიგნით კედლების ნაწილი ჩამონგრეული უნდა იყოს და გასასვლელები გაკეთდეს. ამ ტაქტიკას "თაგვის სოროს" უწოდებენ. დიდი მნიშვნელობა აქვს მიწისქვეშა გვირაბებსაც, რაც აუცილებელი იქნება სხვადასხვა შენობებში გამაგრებული მებრძოლების მოსამარაგებლად და საკონტაქტოდ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბრძოლო მასალების, პროდუქტებისა და მედიკამენტების მარაგის შექმაც.

ებრაელების გასამხედროებული ორგანიზაციის, ჰაგანას ჯარისკაცები ემზადებიან ქალაქში ბრძოლისთვის. კედლებში უკვე გამზადებული აქვთ ე.წ. "თაგვის სოროები". 1948 წელი

ურბანული ბრძოლის დროს ქალაქში გამაგრებულებისთვის საინტერესო ტაქტიკა გამოჩნდა სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამური სახელწმიფოს (ISIS) წინააღმდეგ წარმოეუბილი ანტიტერორისტული ოპერაციების დროს. ტერორისტები, რომლებიც ხშირად ქალაქებში მაგრდებოდნენ, ნაგებობების სახურავებს შორის კიდებდნენ ნაჭრებს, რათა ამერიკულ  საჰაერო დაზვერვას ვერ მოეპოვებინა ინფორმაცია მათი პოზიციების შესახებ და თან ისე გადაადგილებულიყვნენ შენობებს შორის, რომ სნაიპერების შიში არ ჰქონოდათ. შესაბამისად, მსგავსი ტაქტიკის გამოყენება უკრაინელებსაც შეუძლიათ. 

რაც შეეხებათ სნაიპერებს, ეს ქალაქში თავდამსხმელების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამაგრებულ ქალაქში შეჭრილ ძალებს შესაძლოა ნებისმიერი მხრიდან გაუხსნან ცეცხლი. ამიტომაც, სნაიპერების შიშის გამო, ისინი ვერ გაბედავენ თამამ გადაადგილებას. 

აზოვის ბატალიონში მოხალისედ გაწევრიანებული შვედი სნაიპერი, მიკაელ სკილტი, დონბასის რეგიონი, 2014-2015 წელი. 
The Daily Signal

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო კომპონენტი არის დარტყმისა და გაქცევის ტაქტიკა. ეს სტრატეგია განსაკუთრებით აუცილებელია თავდამსხმელის მძიმე ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოსაყვანად. მაგალითისთვის, 1994-1995 წლის გროზნოს პირველი ბრძოლის დროს ჩეჩენი სეპარატისტები ამ მეთოდს იყენებდნენ. ისინი, ზოგჯერ მხოლოდ ორი კაციც კი, AK-47-ებითა და ყუმბარმტყორცნი RPG-7-ით ან RPG-18-ით შეიარაღებულები, თავს ესხმოდნენ რუსულ კოლონებს. პირველი თავდასხმის შემდეგ, ტანკები და ჯავშანტექნიკა სწრაფი ცეცხლით ვერ პასუხობდა, აქამდე, სხვა ჯგუფი არეულობით სარგებლობდა და კოლონას მეორე მხრიდან ესხმოდა თავს. ამ სტრატეგიის შედეგად, 1995 წლის 1 იანვრიდან 3 იანვრამდე, რუსეთის 131-ე მოტომსროლელთა ბრიგადამ 120 ჯავშანტრანსპორტიორიდან 102 და 26-დან 20 ტანკი დაკარგა. ასევე, მე-3 სატანკო ბატალიონის მე-6 სატანკო პოლკის ოცდათერთმეტი T-80-ის ტიპის ტანკიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. ჩეჩენმა აჯანყებულებმა რუსეთს ასეთი დიდი დანაკარგები რამდენიმე დღეში, ამ დროისთვის, უკვე მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებით მიაყენეს, დღეს კი უკრაინის არმია შეიარაღებულია ისეთი თანამედროვე, მაღალი სიზუსტისა და დიდი რადიუსის მქონე სისტემებით, როგორებიცაა ამერიკული ჯაველინები, გერმანული პანცეფაუსტები და შვედურ-ბრიტანული NLAW-ები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯაველინების მოკლე მანძილზე გასროლა რეკომენდირებული არაა და ამ სისტემის გამოყენება უმჯობესი იქნება ქალაქგარე პარტიზანულ თავდასხმებში.

ყუმბარმტყორცნით შეიარაღებული ახალგაზრდა ჩეჩენი სეპარატისტი. 1995 წელი. ჩეჩნეთის პირველი ომი.

ურბანული ბრძოლის გარემოში თავდამსხმელ სამხედროებს ხშირად ნაგებობების შემოწმება და ბევრ შენობაში შესვლა უწევთ. ამიტომაც, ზოგიერთ შენობაში, უკეთესი თავდაცვისთვის საჭიროა მახეების დაყენება. მაგალითისთვის, 2004 წელს, ერაყში ფალუჯას მეორე ბრძოლის დროს, ისლამისტებს დაგებული ჰქონდათ მომაკვდინებელი ხაფანგები ფანჯრებში, კარებსა და ჭერში, ხოლო სახლის ეზოებში მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. მომაკვდინებელი ზონები, სადაც, მოწინააღმდეგის შესვლის შემთხვევაში, ინტენსიურ ცეცხლს ხსნიდნენ. 

ფალუჯას მაგალითზე, მნიშვენლოვანია მოწინააღმდეგის თავდასხმის სტრატეგიის გათვალისწინება. ხშირად, გამაგრებულ ქალაქებს მოწინააღმდეგეები თავდასხმის ინსცენირებას უწყობენ, ასე მოხდა ფალუჯას შემთხვევაშიც. კოალიციურმა ძალებმა, პატარა ოპერაციების მეშვეობით, ისლამისტებს დააჯერეს, რომ თავდასხმას სამხრეთიდან იწყებდნენ, როცა სინამდვილეში ჩრდილოეთიდან დაიძრნენ. ეს მაგალითი გასათვალისწინებელი უნდა იყოს უკრაინელებისთვისაც.

ამერიკელი სამხედროები ამოწმებენ სახლებს ქალაქ ფალუჯაში. 2004 წლის 17 ნოემბერი.

უკვე ნახსენები ფალუჯასა და გროზნოს ალყები, ორივე დაახლოებით 1 თვე და 1 კვირა გაგრძელდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ბრძოლებში, კონვენციური ძალები უპირისპირდებოდნენ დაჯგუფებებებს. ახლა, 2022 წელს, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევს ალყაში მოაქცევენ, მათ საქმე ექნებათ ასევე კონვენციურ, უშუალოდ სახელმწიფოს სამხედრო ძალებთან, რომლებიც ბევრად უკეთ არიან შეიარაღებულები. თუ ნაკლები დაფინანსების მქონე ტერორისტული დაჯგუფების ან პარტიზანების წინააღმდეგ ურბანული ბრძოლები ერთი თვე გრძელდებოდა, მსგავს ჯართან დაპირისპირება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ხანგრძლივი იქნება. გასათვალისწინებელია ის დახმარებაც, რასაც უკრაინელები დასავლეთისგან მიიღებენ, რომ არაფერი ვთქვათ საბრძოლო სულისკვეთებით ბევრად უფრო მაღალ საფეხურსა და წინააღმდეგობის მოტივაციაზე. ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს გავრცელებული კადრების მიხედვით, შესაძლებელია ვარაუდი, რომ უკრაინელი ხალხის მოხალისეობრივი მხარდაჭერა შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი იქნება, მაშინ, როცა რუს სამხედროებს ბრძოლის ნაკლები მოტივაცია აქვთ.

რუსეთს, რომელსაც 400 000-კაციანი ქალაქი გროზნოს ასაღებად 6 კვირა და 1500-2000-ზე მეტი სამხედროს სიცოცხლის გადახდა დასჭირდა, უკრაინაში ამჟამად მყოფი სახმელეთო ძალებით 3-მილიონიანი, შეიარაღებული და ბრძოლისთვის მზად მყოფი კიევის აღება ბევრად უფრო გაუჭირდება. 

უკრაინას ურბანული ბრძოლების გასამართად საჭირო გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ. ომამდე შეიარაღებული ძალები მოქალაქეებს ბრძოლისთვის ამზადებდნენ, ასწავლეს პარტიზანული და ურბანული ბრძოლისთვის საჭირო ისეთი თავდასხმის საშუალებების დამზადება, როგორიცაა მოლოტოვის კოქტეილები. ასევე, ომის დაწყების შემდეგ, მთავრობამ მოქალაქეებს დაურიგა ცეცხლსასროლი იარაღიც. ამას გარდა, ზოგიერთმა უკრაინელმა მებრძოლმა ურბანული ბრძოლის გამოცდილება ჯერ კიდევ 2014 წელს, დონბასის ომის დაწყების შემდეგ მიიღო.

ყველაზე დიდი უბედურება, იქნება ის სცენარი, თუ რუსეთი წინააღმდეგობის საპასუხოდ კიევის სრულად განადგურებას და ინტენსიურ დაბომბვას გადაწყვეტს, როგორც ეს გროზნოს შემთხვევაში მოხდა და ქალაქი მიწასთან გაასწორეს. ამ ტიპის ბრძოლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გარდაუვალია, ასეთ შემთხვევაში კი ბევრად უფრო დიდი იქნება. 

ამჟამად, იმისათვის, რომ უკრაინამ ომიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოს, მთავარია რუსეთს გაუწიოს ძლიერი წინააღმდეგობა და მოსახლეობამ საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოს. ზემოთჩამოთვლილი მოქმედებების ჩატარება საჭირო იქნება ყველა ქალაქში, რომელიც ოკუპანტების საფრთხის წინაშე დადგება.

კიევის ბარიკადებით გამაგრებული ერთ-ერთი ქუჩა. 
The New York Times

პარალელურად, უნდა დაიწყოს უკრაინის არმიისა და მოხალისეების პარტიზანული თავდასხმებიც. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო მოხალისეობრივ მხარდაჭერასაც. ამ ეტაპისთვის, როგორც გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა, მოქალაქეები საოკუპაციო ძალებს წინააღმდეგობას უწევენ და გარკვეულ შემთხვევებში გამოსდით კიდეც. საინტერესოა, რომ უბრალო მოქალაქეები გამბედაობის ხარჯზე წარმატებებს მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეთოდებით აღწევენ. მაგალითად, ტანკების წინ გადადგომით და მათი დანიშნულების პუნქტებისკენ არგაშვებით. რამდენიმე შემთხვევაში მათ, ამ მეთოდით, ტანკისტები ტყვეებადაც კი აიყვანეს. მსგავსი ქმედებების წარმატებით ჩანს, რომ რუსი სახმელეთო ძალების საბრძოლო მორალი დაბალია, უკრაინის მოსახლეობა კი საკმაოდ გამბედავია. თუმცა ოკუპანტების დაუნდობლობა შესაძლოა თანდათან მზარდი გახდეს. ამისთვის მზად უნდა იყოს მოსახლეობაც, რათა მშვიდობიანიდან შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადავიდნენ. თუ კიევი დაეცემა, პარტიზანულ ბრძოლას უკრაინელი ხალხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

საჭიროა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის მიმართ მიდგომა შეცვალონ. ამ საკითხზე Foreign Policy-სთან ზემოხსენებულმა სამხედრო სპეციალისტმა, ჯონ სპენსერმა ისაუბრა. სპენსერის თქმით, უკრაინის არმიამ უნდა შეცვალოს მიდგომა, რადგან ისინი გაწვრთნილი არიან კონვენციური მოქმედებისთვის, ცოტახანში კი პარტიზანული ტაქტიკები დასჭირდებათ. ანალიტიკოსის თქმით, აუცილებელია იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება და მიწისქვეშა ქსელის შექმნა, რომელიც მებრძოლებს ახალ საბრძოლო მიდგომას გააცნობს. როგორც სპენსერი ამბობს, რუსეთმა დასახულ სამხედრო მიზნებს რომც მიაღწიოს და წესრიგის დამყარება სცადოს, “ისინი მაინც დაიხოცებიან მეამბოხეების მიყენებული ათასი ჭრილობის გამო”. 

რიცხვები რუსეთის წინააღმდეგ

როგორც კონფლიქტის პირველი კვირიდან გამოჩნდა, ვლადიმირ პუტინის ბლიცკრიგის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ომი ნელ-ნელა ახალ ეტაპზე გადავა და რუსეთი ხელახალი შოკური დარტყმებისთვის მოემზადება. მიუხედავად ამისა, შეძლებენ რუსები უკრაინის ოკუპაციას? მიუხედავად იმისა, რომ, პუტინის სიტყვებით, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას არ აპირებს, მარიონეტული რეჟიმის დასმა და შენარჩუნებაც დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. 

ხარკოვი. განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა და მოკლული რუსი სამხედრო.
The New York Times

ისტორიული გამოცდილებით, იმისათვის რომ საოკუპაციო ძალამ დაკავებულ ტერიტორიაზე კონტროლი სრულად გაავრცელოს, საჭიროა 1 ოკუპანტზე 40 მოსახლე მოდიოდეს. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში აშშ-ს კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ამერიკას წესრიგის დასამყარებლად 400 000 სამხედრო დასჭირდა. ამავე თანაფარდობას მიყვნენ NATO-ს ჯარები, როდესაც 2-მილიონიანი მოსახლეობის მქონე კოსოვოში 1999 წელს 50 000 სამშვიდობო ჩააყენეს. ასევე, საინტერესოა, რომ 2003 წელს, მათემატიკოსი და ანალიტიკოსი ჯეიმს ქუინლივანის RAND Corp.-ისთვის წარსულის გამოცდილებებზე დაფუძნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლისთვის მინიმუმ ერთ სამხედროზე 50 მოსახლის თანაფარდობა მოქმედებს, თანაც ძირითადად ისეთ შემთხვევებში, სადაც მეამბოხეთა მოძრაობებს ვერ ვხვდებით.

როდესაც აშშ-ს კოალიციური ძალები 2003 წელს ერაყში შეიჭრნენ, მათი სამხედროების რაოდენობა 180 000-ს უტოლდებოდა, 20 000 კერძო კონტრაქტორის ჩათვლით. ერაყის მოსახლეობა 25 მილიონს აღემატებოდა. თანაფარდობა 1/140 გამოდიოდა. მართალია 180 000 ჯარისკაცი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისთვის საკმარისი იყო, თუმცა კოალიციურმა ძალებმა ქვეყნის წარმატებით "ოკუპირება" და კონტროლის მოპოვება ვერ შეძლეს.

ამერიკელი ჯარისკაცი, ედვარდ ჩინი სადამ ჰუსეინის ძეგლზე. ბაღდადი.
Reuters

რუსეთს ბოლო მონაცემებით უკრაინის გარშემო 190 000-200 000-მდე სამხედრო უნდა ჰყოლოდა, მათი ნაწილი კი უკვე საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. 2020 წლის მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობა დაახლოებით 44 მილიონ ადამიანს უტოლდებოდა. შესაბამისად, კრემლმა უკრაინაში 200 000 კაცის შეყვანა სრულად რომც გადაწყვიტოს, დაახლოებით 1 რუს სამხედროზე 200 უკრაინელის თანაფარდობას ვიღებთ, რაც ზემოხსენებული ფორმულით ეფექტიანი ოკუპაციისთვის საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, სამხედრო ანალიტიკოსების 1/40 თანაფარდობის ფორმულა თეორიაა და ოკუპაციის/პრორუსული რეჟიმის კონტროლის ბედი დამოკიდებულია ძირითადად იმაზე თუ უკრაინელ ხალხს საბრძოლო განწყობა და სულისკვეთება რამდენად ექნება შენარჩუნებული, მაგრამ ეს რიცხვები მაინც ყურადსაღებია. 

ვლადიმირ პუტინს სურდა ელვისებური ომის გეგმით მოქმედება და მისი მთავარი მიზნის, კიევის მთავრობის დამხობის რამდენიმე დღეში შესრულება, რაც არ გამოუვიდა. თუმცა, ამ მიზნისთვის რომც მიეღწია, ეს ავტომატურად სრულ გამარჯვებას ვერ გაუტოლდებოდა. გადაწყვეტდა ის უკრაინის სრულად, თუ ნაწილის დაპყრობას, ან საკუთარი მარიონეტი რეჟიმის დასმას, სტატუს ქვოს შენარჩუნება მაინც გაუჭირდებოდა. სწორედ ერაყის მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში შეჭრილი ძალების მხარდაჭერილი რეჟიმი არც თუ ისე წარმატებულად მართავს და სწორედ ძირითადი სამხედრო მიზნის მიღწევის შემდეგ იწყება ომის ყველაზე რთული ეტაპი, ამბოხებულებთან ბრძოლა კონტროლის შენარჩუნებისთვის.

როგორც ამერიკელი ავტორი, სტივენ ბუდიანსკი 2004 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: “ერაყში პენტაგონის არასწორი გათვლა არ ყოფილა ის, რომ კარგად შეიარაღებული არმიის ასეთი მცირე სახმელეთო ძალით დამარცხების სჯეროდათ, არამედ ის, რომ ერაყელი ხალხი შეგვეგებებოდა როგორც განმათავისუფლებებს და არანაირი “ოკუპაცია” საჭირო არ იქნებოდა”. 

როგორც ჩანს, პუტინმაც იგივე შეცდომა დაუშვა და საკუთარი პროპაგანდა უკრაინელ და რუს ხალხთან დაკავშირებით თავადვე დაიჯერა, ჩათვალა ადგილობრივების მხარდაჭერა ექნებოდა. ამას ემატება ის სახე, რაც რუსულმა ჯარმა გამოავლინა. სახმელეთო ძალები კორუფციის გამოჭმულია და პუტინამდე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ჯარის შესახებ, ალბათ, მხოლოდ ყალბი ინფორმაცია მიჰქონდათ. რუსეთს წარსულში ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდა ასეთი არასწორი გათვლების გაკეთება. 1994 წელს, რუსეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, პავლე გრაჩოვს გროზნოს აღება პარაშუტისტების ერთი პოლკით სურდა, თუმცა ამ ქალაქში დაპირისპირებას ათასობით რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. პრობლემა რუსებმა საბოლოოდ გროზნის ფაქტობრივად სრული განადგურებით გადაჭრეს. ახლანდელ რეალობაში, მსგავსი მასშტაბური დაბომბვებით იერიშის უკრაინულ ქალაქებზე მიტანა, თითქოს, წინააღმდეგობაში იქნება პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივებთან, თანაც აქ ბევრი ეთნიკურად რუსი ცხოვრობს და ამ ხალხის მსხვერპლი რუს უკრაინელებში გააღრმავებს ანტიპუტინურ სენტიმენტებს. დიდი სამოქალაქო მსხვერპლით არც რუსეთის მოსახლეობა დარჩება კმაყოფილი. მიუხედავად ამისა, ამ სცენარის გამორიცხვა მაინც რთულია, რადგან ასეთი ტემპით რუსეთი, შესაძლოა, მივიდეს სასოწარკვეთილების ზღვრამდე და სამხედრო მიზნების მიღწევას უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შესწიროს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთის ომი უკრაინაში კრემლის გეგმების მიხედვით არ მიდის. ბირთვული იარაღით ირიბი მუქარა და შემაკავებელი ძალების მზადყოფნაში მოყვანაც ამაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, უკრაინისთვის ომის ყველაზე მძიმე დღეები ჯერ კიდევ წინ არის. ახლა უკრაინელი ხალხისთვის უმთავრესია საბრძოლო სულისკვეთებისა და წინააღმდეგობის სურვილის შენარჩუნება.

კომენტარები