დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

УП: დაზვერვის ინფორმაციით, რუსული საფრთხე კიევს, ხერსონსა და ხარკოვს ემუქრება

Українська правда-ს ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვამ პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის სხდომაზე თქვა, რომ  რუსული საფრთხე არა მხოლოდ დონბასის რეგიონს, არამედ სამ ქალაქს: კიევს, ხერსონსა და ხარკოვს ემუქრება. 

უკრაინული გამოცემა ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"თავიდან, ძალოვნებმა ისაუბრეს აქტუალურ სიტუაციაზე უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, მოვლენათა შესაძლო პროგნოზებზე. უკრაინულ დაზვერვას აქვს მონაცემები, რომ რუსეთი არ გეგმავს დონბასზე შეჩერებას და სურს სამხედრო ესკალაციის განვრცობა. პირველ რიგში, სახიფათო ზონაში იმყოფებიან ხარკოვი, ხერსონი და კიევი, როგორც დაზვერვის წარმომადგენელმა თქვა", – წერენ გამოცემაში. 

როგორც Українська правда წერს, უკრაინელი ძალოვნები დონბასში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში მომდევნო ორ ღამეში სიტუაციის გაუარესებას ელიან. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები