რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი უკრაინას 1500 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარითა და 2500 შაშხანით დაეხმარება

ფინელი სამხედრო ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით

ფინეთი უკრაინას 2500 შაშხანით, 1500 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით, 150 000 ვაზნითა და საკვების 70 000 პაკეტით დაეხმარება

ეს ფინეთის საგარეო პოლიტიკაში ხისტი ცვლილებაა, რადგან აქამდე, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, სხვა ქვეყნების მიმართ განყენებული პოზიციის დაჭერას ცდილობდნენ. 

ამას გარდა, დღეს, 1-ელ მარტს ფინელი დეპუტატები NATO-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

გასულ დღეებში ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი ამბობდა, რომ მზად არიან NATO-ში გაწევრიანების მოსათხოვად, თუ უსაფრთხოების საკითხი გამწვავდება.

"ფინეთი მზადაა გააკეთოს განაცხადი NATO-ში შესვლაზე, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგება", – ამბობდა ფინეთის პრემიერმინისტრმა. 

2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები