რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ომის საწინააღმდეგო აქციები უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. დამოუკიდებელი სადამკვირვებლო საიტის OVD-Info-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებამ 5 942 ადამიანი დააკავა.
რუსეთის კანონმდებლობით, ფართომასშტაბიანი დემოსტრაციები ნებართვას საჭიროებს, რომელიც ორგანიზატორმა უნდა წარადგინოს არაუმეტეს 15-ისა და არანაკლებ 10 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია მძიმე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა.
24 თებერვალს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აქციაში მონაწილეები გააფრთხილა, რომ ომის საწინააღმდეგო პროტესტში ჩართულობა უკანონო იყო. მან ასევე განაცხადა, რომ დანაშაულები შეიძლება შევიდეს მონაწილეთა კრიმინალურ ჩანაწერებში, რაც "კვალს დატოვებს პირის მომავალ საქმიანობაზე".
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





