უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება ბირთვული შემაკავებელი ძალების მზადყოფნაში მოყვანაზე მიზნად ისახავს, გაზარდოს ზეწოლა უკრაინის დელეგაციაზე, რომელის ორშაბათს, 28 თებერვალს მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთოს.
"როგორც შემჩნიეთ, პრეზიდენტ პუტინის ეს ბრძანება სწრაფად მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ დელეგაციები შეხვედრისთვის მზად არიან. ჩვენი შეფასებით, ეს ბრძანება უკრაინის დელეგაციაზე დამატებითი ზეწოლისთვისაა განკუთვნილი". - ამბობს ის.
კულებას თქმით, ზეწოლას არ დანებდებიან და "ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივი მიდგომით მივუდგებით". მისივე სიტყვებით, უკრაინის წარმომადგენლები აპირებენ, მოუსმინონ, "რა აქვს სათქმელი რუსეთს".
"ჩვენ მათ ვეტყვით, რას ვფიქრობთ ამაზე. და ის, რის განსახილველადაც მზად ვართ, არის საკითხი, თუ როგორ შევაჩეროთ ომი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. სრულად შევაჩეროთ". - წერს კულება.
მისივე სიტყვებით, პუტინის განცხადება მათ მიმართ "პირდაპირი მუქარაა".
"მე მარტივი გზავნილი მაქვს, ეს მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვტეხავს".
პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები გადაიყვანონ სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმში.
"NATO-ს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამოთქმებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის მეთაურს გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები სამხედრო მორიგეობის შესრულების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანონ" - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, დასავლური ქვეყნები არალეგიტიმურ სანქციებს იღებენ.
როგორც BBC წერს, თავდაცვის სამინისტროს ცნობარის მიხედვით, შეკავების სტრატეგიული ძალები ეს "რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ძლიერების საფუძველია, რომელიც გამიზნულია რუსეთის და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგო აგრესიის შეკავებისთვის და ასევე ომში აგრესორის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით, განადგურებისთვის".
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





