რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: უკრაინა-რუსეთის შეხვედრა ორშაბათს შედგება, ამბობს უკრაინის შს მინისტრის მოადგილე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინის თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ორშაბათს შედგება, უკრაინის დროით დილის საათებში - ამის შესახებ CNN იუწყება.

დღეს, 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ერთმანეთს წინაპირობების გარეშე შეხვდებიან.

"პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და უკან დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება". – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები