რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რისთვის დასჭირდა რუსეთს ჩერნობილის ზონა?

უკრიანული ჯავშანტრანსპორტიორი პრიპიატში, ჩერნობილის სადგურთან ახლოს, ეროვნული გვარდიის წვრთნებზე, 2022 წლის 4 თებერვალი
Reuters

24 თებერვალს ჩერნობილის გაუცხოების ზონის დაკავებისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება გაიმართა. უკრაინული მხარის თქმით, ბრძოლის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ელექტროსადგური დაიკავეს, პერსონალი კი დაატყვევეს.

"ჩვენი მცველები სწირავენ სიცოცხლეს, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს", – წერდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

გამოცემა Reuters-მა განმარტა, თუ რატომ სურდათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჩერნობილის რადიოაქტიური ზონის დაკავება:

პასუხი გეოგრაფიაა: ჩერნობილი ბელარუსიდან კიევის მიმართულებით უმოკლეს გზაზეა, შესაბამისად მიყვება უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების თავდასხმის ლოგიკურ ხაზს. 

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ბელარუსიდან შეჭრის ყველაზე ჩქარ მარშრუტს იყენებს და კიევზე თავდასხმისთვის პლაცდარმს ამზადებს. 

"ეს იყო უმოკლესი გზა A-დან B-მდე", – ამბობს კვლევითი ინსტიტუტის, Carnegie Endowment for International Peace-ის წარმომადგენელი, ჯეიმს ექტონი. 

აშშ-ს არმიის შტაბის ყოფილმა მეთაურმა, ჯეკ კინმა თქვა, რომ ჩერნობილს "არ აქვს არანაირი სამხედრო მნიშვნელობა", მაგრამ უმოკლესი გზაა ბელარუსიდა კიევისკენ, რუსეთის "დანაწევრების" სტრატეგიის სამიზნისკენ, რათა უკრაინის მთავრობა გადააგდონ. 

კინმა ამ მარშრუტს უწოდა რუსეთის ძალების უკრაინაში შეჭრის 4 "ღერძიდან" ერთ-ერთი,  ბელარუსიდან მეორე მიმართულების, ხარკოვისკენ მიმავალი მიმართულებისა და ყირიმიდან თავდასხმის გზებთან ერთად. 

ჯეიმს ექტონმა ისაუბრა ჩერნობილში უბედური შემთხვევის განმეორების შესაძლებლობაზეც.

„ცხადია, ჩერნობილში მომხდარი უბედური შემთხვევა დიდი პრობლემა იქნებოდა. მაგრამ ზუსტად გაუცხოების ზონის გამო, ეს ალბათ დიდად არ დააზარალებს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს", – თქვა ექტონმა. 

უკრაინაში ამჟამად არის 4 მოქმედი ატომური ელექტროსადგური. ექტონის თქმით, საფრთხე ამ ობიექტებთან მიმართებით უფრო არსებობს, რადგან ეს სადგურები არაა აკრძალულ ზონაში და მათი დაზიანების შემთხვევაში საშიშროება იზრდება. 

"მათ გარშემო ბრძოლის საფრთხე უფრო დიდია", – ამბობს ექტონი.

1986 წელს, 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. აფეთქებისა და ხანძრის გამო რადიოაქტიური ნივთიერებები უკრაინაში, მის მოსაზღვრე ქვეყნებსა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოშიც გავრცელდა. აფეთქების შემდეგ, ეპიცენტრიდან ჯერ 10, შემდეგ კი 30 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ადამიანთა ევაკუაცია დაიწყეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები