უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ლუკაშენკო უკრაინელებს: თუ ჯერ არ გადაგიკვეთავთ წითელი ხაზი, სლავებმა მშვიდობიანად ვიცხოვროთ

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მამულის მცველთა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების დღისთვის მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე უკრაინელ ხალხსა და მათი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.

"თქვენ გახსოვთ ჩემი პოზიცია. ჩვენ ყოველთვის გთავაზობდით მშვიდობას. და ამ მაღალი ტრიბუნიდან, ამ მძიმე პერიოდშიც მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო უკრაინელ ხალხსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუკი მათ ჯერ კიდევ არ გადაუკვეთავთ წითელი ხაზი - მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ, სლავებმა, მუდამ მშვიდობიანად და ჰარმონიულად ვიცხოვროთ". - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები