უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

თურქეთი: ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება მიუღებელია და არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა. 

სამინისტროს განცხადების მიხედვით, თურქეთი გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებით წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ღია დარღვევას. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და მას ჩვენ ვუარყოფთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას დავიცვათ უკრაინს პოლიტიკური ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ საღი აზრის ფარგლებში და დაემორჩილონ საერთაშორისო სამართალს". – წერია განცხადებაში

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები