დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის კრიზისის ფონზე, გერმანია გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედებას აჩერებს

Maxim Shemetov / Reuters

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია.

შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გაზსადენი სერტიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

"ეს ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი, რომლითაც არ მოხდება გაზსადენის სერტიფიკაცია და ამ სერტიფიკიაციის გარეშე, ჩრდილოეთის ნაკადი 2 მუშაობას ვერ დაიწყებს", - თქვა შოლცმა.

გასულ თვეებში საერთაშორისო საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი იყო თუ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების შემთხვევაში რა ბედი ელოდა ჩრდილოეთის ნაკად 2-ს. 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რუსეთს აფრთხილებდა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გაზსადენი არ ამუშავდებოდა. ამერიკული მხარე ამბობდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობასთან კონსულტაციას გადიოდნენ.

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები