დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაგზავნას განიხილავს

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერის ოფისის განცხადებაში წერია, ბორის ჯონსონმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და ზელენსკის უთხრა, რომ მისი აზრით, უახლოეს საათებსა და დღეებში რუსეთის უკრაინაში შეჭრა სავსებით რეალურია.

გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა მკაცრად დაგმო კრემლის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მინსკის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესს შეუსრულებლად აქცევს.

როგორც ჯონსონმა ზელენსკის უთხრა, ბრიტანეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში მონაწილე პირებისთვის სანქციები გამზადებული აქვს და ეს ზომები ძალაში 22 თებერვლიდან შევა.

ამასთან, ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დასავლეთმა შეჭრის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, თუმცა მხარეებმა საკითხის დიპლომატიური გადაჭრის შესაძლებლობა "ბოლო წამამდე" უნდა განიხილონ.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები