დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბლინკენი დონეცკსა და ლუგანსკზე: კრემლის ქმდება საჭიროებს სწრაფ და მტკიცე რეაგირებას

ენტონი ბლინკენი
France 24

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ კრემლის გადაწყვეტილება საჭიროებს სწრაფ და ერთიან რეაგირებას. მისი განმატებით, პარტნიორები და მოკავშირეები აგრძელებენ ზომების მისაღებად კოორდინირებას. 

"კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარება, სწრაფ და მტკიცე რეაგირებას საჭიროებს. და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღებთ შესაბამის ზომებს". - წერს Twitter-ზე 

ამასთანავე, ბლინკენი პროგნოზირებადსა და სამარცხვინოს უწოდებს რუსეთის მიერ  ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. 

"რუსეთის ქმედება აღიაროს მისი მარიონეტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" პროგნოზირებადი, სამარცხვინო აქტია. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამას და ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას - ეს ვუთხარი დმიტრი კულებას საუბრისას". - წერს Twitter-ზე სახელმწიფო მდივანი. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები