კორონავირუსი საქართველოში

თამარ გაბუნია: ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ომიკრონის შტამის პიკი გადავლილია და ეპიდსიტუაცია "დაღმასვლისკენ" მიდის. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"დღეს 12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკვე მიუთითებს, რომ პიკი გადავლილია ომიკრონის ტალღის და ჩვენ მივიდვართ დაღმასვლისკენ. კლინიკურ სექტორში 8 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა, 5 165 პაციენტი მკურნალობს, დღევანდელი მდგომარეობით". – ამბობს თამარ გაბუნია.

საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან ქვეყანაში საკარანტინე სივრცეები – კოვიდსასტუმროები გაუქმდება. ასევე უქმდება შეზღუდვა ქორწილებისა და ქელეხების გამართვაზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიეტებში მაგიდასთან სტუმრების რაოდენობა იზრდება – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, ნაცვლად 6-სა, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანამდე.

გასულ დღე-ღამეში COVID 19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 101 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 14 764 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 565 769 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 422 540 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 933.

კომენტარები