ნაცისტური დაჯგუფებები

ქართველი ნაცისტები თბილისში სხვადასხვა ნიშნით ძალადობენ და ვიდეოებს ავრცელებენ

ქართველი ნაცისტები თბილისში სხვადასხვა ნიშნით მოქალაქეებზე ძალადობენ და ამის ამსახველ ვიდეოებს Facebook გვერდზე ტვირთავენ. ძალადობის ამსახველი ვიდეოები, რომელთა ნაწილიც თბილისშია გადაღებული, Facebook გვერდზე ვრცელდება, თუმცა, უცნობია იმართება თუ არა გვერდი ქართველი ნაცისტების მიერ. Facebook  გვერდზე ვხვდებით არაერთ ვიდეოსა და ფოტოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც ნაცისტური დაჯგუფებების მიერ ადამიანებზე ძალადობა დაუფარავად ჩანს.

ინფორმაციას თბილისში მოთარეშე ნაცისტური დაჯგუფების შესახებ TBILISI PRIDE-ის ერთ-ერთი დირექტორი, მარიამ კვარაცხელია ავრცელებს. როგორც კვარაცხელია წერს, ქართველი ნაცისტების თავშეყრის ადგილი დედაენის ბაღია და მისივე ინფორმაციით, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მოქალაქეებზე თითქმის ყოველ დღე ძალადობენ და ერთ-ერთ მსხვერპლს თავადაც იცნობს.

"გამოჩნდა დაჯგუფება, რომელიც დედაენის ბაღში ატარებს "რეიდებს". რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მომდის ინფორმაცია, რომ თითქმის ყოველ დღე ვიღაცას ცემენ. იბრენდებიან როგორც ნაციონალისტური ჯგუფი, აქვთ ფეისბუქ გვერდიც სადაც იდება ამ ძალადობის ამსახველი კადრები. უშუალოდ ვიცნობთ ერთ მსხვერპლს, რომელიც ცემეს". – წერს მარიამ კვარაცხელია.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები