დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის ჯარის მეთაური დონბასის მოსახლეობას: თქვენ გიყენებენ სიტუაციის ესკალაციისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა. მან აღნიშნა, რომ ბოევიკები კონფლიქტის ესკალაციისთვის მშვიდობიანი მოსახლეობას იყენებენ.

"რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები აგრძელებენ სიტუაციის გამწვავებას და მიზანმიმართულად შეჰყავთ გაურკვევლობაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერების განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სავარაუდო თავდასხმისა და ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ძალის გამოყენების სცენარების თაობაზე რეალობას არ შეესაბამება, ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადასტურებულია ეუთოს მიერ". – თქვა ზალუჟნიმ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გეგმავს და არ ატარებს შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთში. უკრაინისთვის ხალხისა და ტერიტორიების დეოკუპაციის ერთადერთი მისაღები ვარიანტი პოლიტიკურ-დიპლომატიურია.

"დონბასში შეტევითი ოპერაცია აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის მსვერპლს, ამიტომ ასეთი სცენარები არც კი განიხილება. ამ დღეებშიც კი, როდესაც მებრძოლები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, ჩვენ ვპასუხობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება პერსონალის ან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ არ ვემორჩილებით პროვოკაციებს. ჩვენ არ ვესვრით საცხოვრებელ უბნებს, სადაც მებრძოლებმა ცინიკურად განათავსეს თავიანთი პოზიციები. მივმართავ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს – არ დაიჯეროთ საოკუპაციო ხელისუფლების ტყუილი! თქვენ გიყენებენ სიტუაციის ესკალაციისთვის რათა გადაჭრან (გადაწყვიტონ) მორიგი სისსხლისღვრა

დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ. უწყება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები