მანდატების გაუქმება

მდინარაძე ჰარცელზე: უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები მის განცხადებას

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმება "შესაძლოა, ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე მოხდა".

"ბატონი კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მის აზრს უბრალოდ კი არა, არამედ კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი განცხადება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა არც ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე, არც სამართლებრივ საფუძველზე და ამისგან დამოუკიდებლად გააკეთა ეს განცხადება, რაც, ჩემი აზრით, არასწორი იყო. რა თქმა უნდა, ჰარცელი უამრავ კარგ საქმეში გვეხმარება და გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი". - თქვა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს "შესაძლოა, ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე მოხდა".

კარლ ჰარცელი ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და უწყების დაშლის შედეგად შექმნილ პერსონალურ მონაცემთა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასაც გამოეხმაურა. ევროკავშირის ელჩის თქმით, კვლავ ვერ ხედავენ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს.

კომენტარები