რუსეთი

რუსეთმა სირიაში წვრთნებზე ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული თვითმფრინავები გაგზავნა

ზებგერითი რაკეტა კინჟალით შეიარაღებული МиГ-31, რუსეთი, ჟუკოვსკი

15 თებერვალს, რუსეთმა სირიაში სამხედრო საზღვაო წვრთნებზე გაგზავნა ჰიპერბგერითი რაკეტა კინჟალით ("ხანჯალი") შეიარაღებული МиГ-31-ები და Туполев Ту-22М-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები.

ხმელთაშუა ზღვაში ჩასატარებელ წვრთნებში მონაწილეობისთვის გაგზავნილი სამხედრო თვითმფრინავები სირიის ჰმეიმიმის ავიაბაზაზე დაეშვნენ. 

გამოცემა Reuters-თან Foreign Policy Research Institute-ის სამხედრო ანალიტიკოსმა, რობ ლიმ თქვა, რომ რუსეთმა სირიაში კინჟალით შეიარაღებული ავიაგამანადგურებლები პირველად გაგზავნა, მას შემდეგ შემდეგ, რაც ასეთი თვითმფრინავებისთვის ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ასაფრენი ბილიკი გააფართოვეს. მისივე თქმით, ტექნიკის ეს გადასხმა ხაზს უსვამს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდასა და სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებისა და ძალის დემონსტრაციის შესაძლებლობას.

კინჟალით შეიარაღებული МиГ-31 სირიასი, 2022 წლის 15 თებერვალი, კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოდან

რუსული მედიის ცნობით, ჰიპერბგერითი რაკეტა კინჟალის რადიუსი 2 000 კმ-ს აღწევს. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული იარაღი, რომელიც 2018 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარადგინა. 

ხმელთაშუაზღვის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს 15 რუსული საბრძოლო ხომალდი და 30 თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, წვრთნების მიზანია "ეროვნული ინტერესების დაცვისთვის" საჭირო ქმედებებისთვის ვარჯიში. 

სირიაში წვრთნებზე დასაკვირვებლად ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. შოიგუ შეხვდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს.

Ту-22М3 სირიაში, 2022 წლის 15 თებერვალი

ცივი ომის შემდეგ, ეს რუსეთის საზღვაო ძალების ხმელთაშუა ზღვის აუზში ყველაზე დიდი თავმოყრაა. 

ჰმეიმიმის ავიაბაზა სირიაში რუსეთის სამხედრო ძალისთვის სამხედრო საყრდენია მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბერში მოსკოვმა სირიის ომში ინტერვენცია გადაწყვიტა. ინტერვენციის შემდეგ მოსკოვი ასადის რეჟიმს აჯანყებულებთან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარა. სირიაში რუსეთმა ასევე გააფართოვა და განაახლა ტარტუსის პორტი, რომელიც არის ერთადერთი მსგავსი ობიექტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ რუსეთს ეკუთვნის.

კომენტარები