კორონავირუსი საქართველოში

მსუბუქი COVID-პაციენტებისთვის ბიულეტენის ტოლფასად ტესტის დადებითი პასუხიც ჩაითვლება

ABC

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი. ცნობის მიღება პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – 7.

სამინისტროს განცხადებით, გამონაკლისია სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები. ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით და არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.

ცვლილება უკვე ამოქმედდა და კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა პირს ეხება.

კომენტარები