ღარიბაშვილი: დასაქმების პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველებს შემწეობა არ შეუწყდებათ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი შრომისუნარი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამით ისარგებლებენ, სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ.

"მინდა აღვნიშნო ხაზგასმით - საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400 500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც, ვფიქრობთ, სამართლიანია. რა თქმა უნდა,დროის განმავლობაში მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება და და მასში 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი 200,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჩაერთვება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის დაპირება გასული წლის ნოემბერში გასცა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები