ტყიბული

სამინისტრო ტყიბულზე: საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებაზე შრომის ინსპექციის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

სამინისტრო პირველადი მოკვლევის შედეგებს ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ შახტაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, სამინისტროს პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისას ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოები მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

"დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა". – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები