კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: ამ დროისთვის აცრილია მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი.

მათივე ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

"როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება". -აშნიშნულია განცხადებაში. 

ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

"ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება".- ვკითხულობთ განცხადებაში. 


სასწავლო პროცესი სკოლებში 15 იანვარს განახლდა. 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცნობით, 30 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, რაც ზრდასრული მოსახლეობის 46.4%-ია. მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 42.4%-ს შეადგენს. 

30 იანვრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 69 190 ტესტი და დადასტურდა 17 265 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 947 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24.95%, ბოლო 14 დღის - 20.01%, ხოლო ბოლო 7 დღის - 23.24

კომენტარები