თბილისის მერია

SJC ორხევზე: უსახლკაროთა წინააღმდეგ თბილისის მერიის კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიებაა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის მერიის მიერ ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევას და მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დემონტაჟის პროცესი და უზრუნველყოს დაზარალებული ადამიანები გრძელვადიანი საცხოვრისითა და საჭირო სერვისებით. ორგანიზაცია ფაქტს უსახლკაროთა წინააღმდეგ თბილისის მერიის კიდევ ერთი რეპრესიულ ღონისძიებას უწოდებს.

"თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნაგებობების დემონტაჟის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს. ამ პროცესში მერიის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს არსებული მშენებლობების ნებართვის გარეშე აშენების ფაქტი და კანონის ფორმალური აღსრულება – "უკანონო" საცხოვრისების დემონტაჟი". – ნათქვამია განცხადებაში.

SJC აცხადებს, რომ ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევა არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ამის დადასტურებაა დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის მიერ აფრიკის დასახლების ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დაშლა, ასევე, თბილისის მერის არაერთი განცხადება უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით.

"სახელმწიფოს მიერ საცხოვრისის გარანტირების პოლიტიკისა და სერვისების არარსებობის, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობისა და მუნიციპალიტეტების უმოქმედობის ფონზე, უამრავი ოჯახი თვითდახმარების გზებს – ნებართვის გარეშე შენობების აგებასა თუ სხვადასხვა ობიექტებში ცხოვრებას მიმართავს. ამგვარი საქმიანობის აკრძალვისა თუ დასჯის პოლიტიკა, განსაკუთრებით, ალტერნატიული სათანადო საცხოვრისის შეთავაზების გარეშე და ზამთრისა და COVID-19-ის ვირუსის უპრეცედენტო გავრცელების პირობებში, ადამიანებს ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენისა და ფიზიკური განადგურების რისკის წინაშე აყენებს". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორხევში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და დაიწყოს მუშაობა ამგვარ საცხოვრისებში მცხოვრებთა საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის;
  • შეისწავლოს დემონტაჟის პროცესში დაზარალებული პირების საჭიროებები და უზრუნველყოს ისინი რელევანტური მხარდამჭერი მექანიზმებით, მათ შორის, ადეკვატური საცხოვრისით;
  • დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და მისი აღსრულებისას პრიორიტეტულად მიიღოს მხედველობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უსახლკარობასთან ბრძოლის ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების პარალელურად, მოახდენს გამოსახლების, მათ შორის, დემონტაჟის, შემთხვევების პრევენციასა და მინიმუმამდე დაყვანას.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • მოხდეს საცხოვრისის დემონტაჟისას ადამიანების შენობიდან გამოყვანის აღიარება გამოსახლების ფორმად და მასზე გავრცელდეს მორატორიუმის რეჟიმი;
  • განხორციელდეს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკისა და პრაქტიკის სრული ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში მოქალაქეებს სახლები დაუნგრია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, სახლების მფლობელებს რეგიონებში მიწები, ხოლო დედაქალაქში ბინები აქვთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემონტაჟის პროცესი დღეს, 28 იანვრის დილას დაიწყო და მათი ნაწილი გაფრთხილებული არც ყოფილა. ამის საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კალაძის თქმით, "ყველანაირი გაფრთხილება" მიცემული იყო.

16 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ მერია "მიწების მიტაცებას", უკანონო მშენებლობებს არ შეეგუებოდა და დემონტაჟი მოხდებოდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კალაძის დავალებით 2020 წლის დეკემბერში აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უნებართვოდ აშენებული შენობა დაანგრია, მათ შორის იმ ოჯახების, რომელთა წევრებიც ამბობდნენ, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო. თუმცა, კალაძე ამტკიცებდა, რომ მათ, ვინც სახლები ააშენეს, სახლები და მიწები ჰქონდათ.

კომენტარები