საქართველო-რუსეთი

"აჟიოტაჟი ატყდა" – თბილისი-მოსკოვის ჩარტერული რეისი გაუქმდა

Georgian Aiways

თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი, რომელიც 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ არხთან საუბრისას Georgian Airways-ის დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა და მიზეზად ჟურნალისტების აქტიურობის გამო ამტყდარი აჟიოტაჟი დაასახელა.

"აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო ატყდა აჟიოტაჟი და გაუქმდა, აღარ მოგვცეს ნებართვა. აქაურმა მთავრობამ კი არ გააუქმა, არ მოვიდა ნებართვა რეისის შესრულებაზე. პროცედურები არ იყო დაცული რაღაც, ამიტომ ნებართვა არ მოვიდა. ჩარტერული რეისი იყო შეკვეთა და ჩარტერულ რეისს ვასრულებდით". – თქვა გაიაშვილმა.

26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩანიშნა.

21 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დაბალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს.

კომენტარები