საქართველო-უკრაინა

რუსეთს უკრაინის მხარდამჭერ მიმართვაში არც თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ახსენებს

რუსეთს უკრაინის მხარდამჭერ მიმართვაში არც თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ახსენებს. ოფიციალური კიევისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდასაჭერი მიმართვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წაიკითხა. მიმართვას თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო კიევის საქალაქო საბჭოში  უახლოეს დღეებში გააგზავნის. თბილისის საკრებულოს ცნობით, მიმართვის შინაარსს "ოპოზიციური პარტიების ნაწილი" არ ეთანხმება და მასზე ხელმოწერას არ აპირებს.

"ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა,  საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.

დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი.

სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“- ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.


26 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის ტექსტი შეცვალა და შეხვედრაზე თავდაპირველი ტექსტის ნაცვლად, შეცვლილი ვერსია წარადგინა. ამის გამო, ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტი არ გაიზიარა და აცხადებს, რომ მას ხმას არ მისცემს.

კომენტარები