საქართველოს საპატრიარქო

"დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისგან მკაცრი გაფრთხილება მიეცა" – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ტელეკომპანია პირველი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ მღვდელმთავრისგან "მკაცრი გაფრთხილება" მიიღო. გუშინ, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზმა საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს წმინდა ზიარებასთან მიახლებაზე უარი უთხრა და მიზეზად "სააკაშვილის სექტის მომხრეობა" დაასახელა

"ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს).

დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რასაც ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები. ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთი ეპარქიის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეკლესიაში პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება, აგრეთვე, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები "ყოვლად დაუშვებელია". 

"მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს". - წერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. 

როგორც პოლიტიკური ნიშნით საეკლესიო საიდუმლოსთან არდაშვებული ქალი, რუსუდან თავართქილაძე ტელეკომპანია პირველთან ყვებოდა, მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს არ აზიარებდა.

"გულში მივლიდა - ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი.. სანამ პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო". - თქვა მან. 

კომენტარები