დევნილები

"ეს მორიგი ტყუილია, საკმარისია!" – სანატორიუმ ქართლის დევნილებმა ჯანდაცვის წერილები დახიეს

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ჯანდაცვის სამინისტრომ სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ დევნილებს ფოსტით წერილები გაუგზავნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წერილში ახალი რამე ვერ ამოიკითხეს. 

მათი თქმით, წერილში წერია, რომ დევნილებს ერთი თვის ვადაში გადაიყვანენ ალტერნატიულ საცხოვრებელში და ქირით უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მოხდება მათი გადაყვანა იქ, სადაც ცხოვრებას სთავაზობენ. 

დევნილები ამბობენ რომ სახელმწიფოს შემოთავაზება კვლავ ბუნდოვანია. მათ პროტესტის ნიშნად წერილები დახიეს, ნაწილმა კი ფოსტას უკან გაატანა. 

"მატყუარა ხალხი, ეყოფათ უკვე ჩვენი გადებილება, საკმარისია! წერილს არ ვღებულობ და ვაცხადებ პროტესტს. ეს არის მორიგი ტყუილი, ეს წერილები სახლში გვაქვს უკვე. ამას რამე ფუნქცია რომ ჰქონდეს, სახლში არ გვექნება".- ამობს სანატორიუმ ქართლში მცხოვრები ირმა ნაჭყებია მთავარ არხთან

გარდაცვლილი დევნილის ოჯახი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები ორშაბათიდან, 24 იანვრიდან დაიწყება. აქვია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება. 


16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები