თბილისის მერია

ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები

Fortuna

თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, დაგეგმილი ღონისძიების გამო, მოძრაობა შეიზღუდება 19 იანვრის 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე. 

მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები - N31, N50, N71, N80, N102, N301, N344, N345 ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან სვლას კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; მიკროავტობუსი - N108 გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩისა და ხიდის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვევით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გადაადგილდება უკვე არსებული მარშრუტით.

N140 მიკროავტობუსის მარშრუტი ცვლილებას განიცდის წმინდა ბარბარეს უბნის მიმართულებით მოძრაობისას. მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით გადაადგილდება.

კომენტარები