კრიმინალი

შსს: კლუბის თანამშრომელი დავაკავეთ, მან ტურისტს შეუსაბამოდ დიდი თანხა ძალით გადაახდევინა

სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბრალდებულმა კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს - 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა.

"ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა" - აცხადებს შსს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.

კომენტარები