ფარმაცევტული ბაზარი

პრემიერი მედიკამენტების ფასებზე: საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილებების შეტანა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისთვის შედგენილი რეკომენდაციები უკვე პარლამენტს გაეგზავნა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფი რიგ კანონებში შესაძლო ცვლილებების შეტანაზე მუშაობას დაიწყებს. 

ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის ამოცანაა მედკიმენტების ფასების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.

"დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისად, რეკომენდაციები უკვე გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. მე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დაიწყოს მუშაობა, რადგან საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს ჩვენი მოლოდინით და რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მედკიამენტების ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიხმარდი ამ ეტაპზე და მერეს მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი". - ამბობს პრემიერი.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო მთავრობას 13 რეკომენდაციას აძლევს, რომელთა შორისაცაა თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკის გადახედვა, ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემის დანერგვა, ფარმაცევტის საქმიანობის რეგულირება, სანქცირების მექანიზმის გამკაცრება, ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა და სხვ.

კომენტარები