სოციალური აგენტები

სამინისტრო: სოციალური აგენტებისა და თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. სამინისტროს განმარტებით, ანაზღაურების ზრდა შეეხება როგორც ფიქსირებულ, ისე გამომუშავებით კომპონენტს.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

ასევე, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1 000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას აპროტესტებენ. 14 იანვარს მათ ანაზღაურების 100%-ით მომატება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სააგენტოს 390-მა თანამშრომელმა 17 იანვრიდან გაფიცვა დააანონსა.

"დიდი პრობლემაა, რომ 15 წლის განმავლობაში სოციალური დაცვის სამინისტრო ადამიანებს 360 ლარზე ამუშავებს. მაქსიმალური ხელფასი არის 580 ლარი, ვითხოვთ გაორმაგებას. შეიძლება, 100% ვინმეს მოეჩვენოს, რომ რაღაც სასწაულ თანხაზე გავდივართ, მაგრამ 1 000 ლარზეც კი ვერ ავდივართ. არ შეიძლება ასეთი მოპყრობა". – თქვა სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კომენტარები