ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს თიბისი ბანკი-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს".- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს. გასაჩივრებას გეგმავს ავთანდილ წერეთელიც. 

კომენტარები