კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ომიკრონის შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია ერთეულებს დასჭირდათ, მალე გამოვწერეთ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, ქვეყანაში მობილიზებულია 9 000-მდე საწოლი, აქედან კი დატვირთულია – 4 431. მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 281 პაციენტი რჩება, ხოლო 1 083 პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა გაბუნიას განმარტებით, ეს შემთხვევები ძირითადად დელტა შტამითაა გამოწვეული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის დაინფიცირების შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია ერთეულ მოქალაქეებს დასჭირდათ, – "არცერთს დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაციაში გადაყვანა და მალე მოხდა მათი ჰოსპიტლებიდან გამოწერა". – ამბობს გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამავე ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა იცავს ომიკრონის შტამის გავრცელებისგან.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9.53%-ია, ბოლო 7 დღის - 9.63%, ბოლო 14 დღის კი 8.1%. 

გასულ დღე-ღამეში დადასტურდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების 968 313 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 916 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 264 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 37 602 აქტიური შემთხვევაა.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები