ენერგეტიკა

თუ 2 ქვითარი დაგერიცხათ და თანხას ვერ გადაიხდით, ქსელიდან არ გაითიშებით – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, რომლებმაც წლის ბოლოს და წლის დასაწყისში ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადზე 2 ქვითარი მიიღეს, საფასურუს გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელიდან არ გაითიშებიან და მათ საშუალება ექნებათ გადასახადი თვის ბოლომდე გადაიხადონ. ამის შესახებ კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ისაუბრა. 

ფანგანის თანახმად, 2 ქვითარი მომხმარებლებმა ერთჯერადად, ახალ სისტემაზე გადასვლის მიზეზით მიიღეს, თებერვლიდან კი საფასურის გადახდა ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. სისტემური დარღვევების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლოა კომპანიებს სანქციები დაეკისროთ.

"ჩვენთან მოვიდა არაერთი მოქალაქე, რომელიც თვლიდა, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამიტომ, დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თელმიკოსა და GWP-სთან ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო 2 ქვითარი, წლის ბოლოს და წლის დასაწყისში, თუ ვერ ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან, მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე იყო, თვის ბოლომდე გადაიხადონ. 2 ქვითარი და ეს სისტემა ერთჯერადი იყო, თებერვლიდან კი ყველაფერი გასწორდება.

ძალიან რთული სისტემა შევცვალეთ, გადავეწყვეთ და არ გამოვრიცხავ გარკვეულ ხარვეზებს, მოგვმართონ ჩვენ და აუცილებლად დავეხმარებით, თუ დავინახეთ, რომ ამ დარღვევებს აქვს სისტემური ხასიათი, ძალიან მკაცრად ვიმოქმედებთ და კომპანიების სანქციებიც შეიძლება მოვაყოლოთ". - თქვა გიორგი ფანგანმა.

კომისიის წევრმა ხაზი გაუსვა, რომ ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები საქართველოში არ გაზრდილა.

"მიუხედავად სპეკულაციებისა, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გადასახადები საქართველოში არ გაზრდილა, ყველაფერი იგივეა, ერთადერთი, შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში, ზოგმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 2 ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა გადასახადის ოდენობა, ჩათვალეთ, რომ 1 ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო ის გაიყო ორად".  - ამბობს ფანგანი.

კომენტარები