ნოვაკ ჯოკოვიჩი

აუცრელობის გამო ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

Eurosport

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს. სერბი ჩოგბურთელი Australian Open-ზე სათამაშოდ ჩაფრინდა, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ აუცრელობის გამო ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ შეუშვა. 

"ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება ქვეყანაში შესვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მისი ვიზა გაუქმდა. ნებისმიერი მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში შესვლის წესებს". – წერია ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

ჯოკოვიჩი კორონავირუსის ვაცქინით არ არის აცრილი, მიუხედავად ამისა დიდი სლემის ტურნირის ორგანიზატორებმა ის სათამაშოდ მაინც მიიწვიეს, რასაც ავსტრალიის მოსახლეობისა და მსოფლიოს ჩოგბურთელების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ჩოგბურთელის ჩამოსვლის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრი კარენ ენდრიუსიც გამოეხმაურა:

"მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიის შტატის მთავრობამ და Australian Open-მა შესაძლოა არავაქცინირებულ ადამიანს ტურნირში მონაწილეობის უფლება მისცენ, ავსტრალიის სასაზღვრო მოთხოვნების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის ფედერალური მთავრობა იღებს" - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

 

კომენტარები