ჰაიტი

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ჰაიტის პრემიერმინისტრის მკვლელობა სცადეს

არიელ ჰენრი
Getty Images

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ჰაიტის პრემიერმინისტრის არიელ ჰენრის მკვლელობა სცადეს. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობა ჰაიტის დამოუკიდებლობის დღესთან იყო დაკავშირებული. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჰენრი ქალაქ გონაივესის ერთ-ერთ ეკლესიაში ცერემონიას ესწრებოდა.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორც ცდილობენ პრემიერმინისტრი და მისი დაცვის წევრები სროლის ფონზე მანქანებამდე მიღწევას. არიელ ჰენრი არ დაშავებულა, თუმცა უშიშროების ძალებთან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაიჭრა.

პრემიერმინისტრის ოფისის თანახმად, მკვლელობის მცდელობის უკან "ბანდიტები და ტერორისტები" იყვნენ და ეჭვმიტანილების დაკავების ორდერები გაიცა.

ჰაიტიში უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა 2021 წლის ივლისში პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ. არიელ ჰენრი ქვეყნის მთავრობას პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ უძღვება. პრეზიდენტის მკვლელობის დეტალები, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, დაქირავებულმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, უცნობია.

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა.

ბოლო წლებში ჰაიტის დიდი რაოდენობით ადამიანი ტოვებს ძალადობის გახშირების და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც რამდენიმე ბუნებრივმა კატასტროფამ კიდევ უფრო მეტად გაართულა.

კომენტარები