სირია

რუსულმა საჰაერო ძალებმა სირიაში აჯანყებულთა კონტროლირებადი იდლიბი დაბომბეს

რუსეთის საჰაერო ძალების Сухой Су-24

2 იანვარს, სირიაში რუსულმა საჰაერო ძალებმა ქალაქი იდლიბის შემოგარენში რამდენიმე წერტილი დაბომბეს

რუსულმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოაყრეს რამდენიმე დასახლებასა და მთავარ წყლის სატუმბ სადგურზე, რომელიც აჯანყებულთა კონტროლირებადი ქალაქი იდლიბისთვის წყლის მიწოდების მთავარი წყარო იყო. ქალაქის მოსახლეობა მილიონს აღემატება. 

წყალმომარაგების დაწესებულების თანამშრომლის თქმით, სადგური იერიშის შედეგად მწყობრიდანაა გამოსული. ამას ადასტურებს გაერო-ს წარმომადგენელიც. იდლიბის მჭიდროდ დასახლებული ქალაქი შესაძლოა წყალმოამრაგების გარეშე დარჩეს. 

"სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განგრძობითი განადგურება მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების მეტ ტანჯვას გამოიწვევს. მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს", – ამბობს გაერო-ს რეგიონალური ჰუმანიტარული კოორდინატორის მოადგილე. 

მოწმეების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებიც. 

აქამდე, კვირას პირველი იანვრის ღამით რუსული საჰაერო ძალების მიერ იდლიბის პროვინციის დაბომბვას 3 ადამიანის, აქედან 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქალაქ იდლიბსა და მის პროვინციას აჯანყებულები და ჯიჰადისტები აკონტროლებენ. ამ რეგიონში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი სამოქალაქო ომის დროს სირიის სხვა რეგიონებიდან აქ გამოიქცნენ. ეს რეგიონი აჯანყებულების უკანასკნელი საყრდენია. იდლიბის პროვინციაში რამდენიმე ათასი სახმედრო განთავსებული ჰყავს თურქეთსაც, რათა შეაჩერონ ბაშარ ალ-ასადის ძალების დაწინაურება. 

2020 წლის მარტში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ რუსეთსა და აჯანყებულთა ნაწილის მხარდამჭერ თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება იდლიბში დეესკალაციის ზონის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად გაგრძელდა აჯანყებულთა თავდასხმები და რუსეთ-სირიის საჰაერო იერიშები.

კომენტარები