კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ომიკრონის 147 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ქვეყანაში 2 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 147 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

საქართველოში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,27%-ია, ბოლო 14 დღის – 5,5%, ხოლო ბოლო 7 დღის – 5,77%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 667, საიდანაც მძიმე პაციენტია 1 137, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 938 583 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 942 და გამოჯანმრთელდა  902 948 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.


კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

კომენტარები