მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩემი ბრძოლის ხალისი იზრდება, შეტევის დრო სულ მალე დადგება

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილის თქმით, იზრდება მისი "ბრძოლის ხალისი" და ამატებს, რომ "გადამწყვეტი შეტევის დრო მალე მოვა". 

"რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. 

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. 

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!", - წერს სააკაშვილი.

29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ -  სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები