დეზმონდ ტუტუ

ცისარტყელას ერის წინასწარმეტყველის სიკვდილი

დეზმონდ ტუტუ

ცისარტყელას ერის წინასწარმეტყველის სიკვდილი

პირველ იანვარს, როდესაც ყველანი ახალი 2022 წლის დადგომას ვიზეიმებთ, სამხრეთ აფრიკა კეიპ თაუნის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში უკანასკნელად დაიტირებს დეზმონდ ტუტუს ცხედარს და მის ფერფლს კათედრალის მიწას მიაბარებს. 

დეზმონდ ტუტუ პირადად ვნახე 2001 წელს იოჰანესბურგში, გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების ასამბლეაზე. ექიმებს მისთვის კიბოს დიაგნოზი ახალი დადგენილი ჰქონდათ, რაც მან ყველას საჯაროდ გაგვიმხილა და გვითხრა: "მე რაც კიბო დამიდგინეს, თითოეულ დღეს და მუსიკის ჰანგებს უფრო ვაფასებ, ვიდრე ოდესმე, რადგან ვიცი, ეს, შეიძლება, ჩემი უკანასკნელი დღე იყოს". მას შემდეგ კიდევ კარგა ხანს იცოცხლა და 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მგონი, ქართველი მკითხველი იმსახურებს, რომ მეტი იცოდეს ამ საოცარი ადამიანის შესახებ, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თავის სამშობლოზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. მან ეს სამყარო, რომლის შვილებიც ჩვენ ვართ, ბევრად უკეთესი დაგვიტოვა, ვიდრე მას თვითონ დაუხვდა. სამრეთ აფრიკა  დღემდე ამაყობს იმ სახელით, რომელიც დეზმონდ ტუტუმ თავის სამშობლოს შეურჩია - ცისარტყელას ერი (The Reinbow Nation) იმ მრავალფეროვნებისა და სიჭრელის ნიშნად, რომელიც სამხრეთ აფრიკისთვისაა დამახასიათებელი. 

ის წავიდა ამ სოფლიდან, როგორც კეიპ თაუნის საპატიო მთავარეპისკოპოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, აპართეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ვეტერანი, მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე, სამხრეთ აფრიკის „მორალური სინდის-ნამუსი".

სურათზე: მთავარეპისკოპოსი ტუტუ, დედოფალი ელისაბეტი და ნელსონ მანდელა

თუმცა, სინამდვილეში, დეზმონდ ტუტუ გაცილებით დიდი მოვლენა იყო, ვიდრე ახლა ჩამოვთვალეთ. ის იყო ნამდვილი წინასწარმეტყველი ჩვენი ეპოქისა, იმავე კალიბრის წინასწარმეტყველი, როგორებიც მანამდე იყვნენ: მარტინ ლუთერ კინგი, მაჰათმა განდი და სხვები. წინასწარმეტყველი კი ის არის, ვინც ღმერთის ნებასა და განგებულებას უზიარებს თავის თანამედროვეებს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა ღვთის ნების გაგონება აღიზიანებს დომინანტურ ძალებსა და პოლიტიკურ ესტაბლიშმენტებს. 

დეზმონდ მპიო ტუტუ, ანუ The Arch-ი, როგორც  მას შინაურები და ახლო მეგობრები მოიხსენიებენ (The Arch-ი შემოკლებული ფორმაა The Archbishop-ისა, რაც მთავარეპისკოპოსს ნიშნავს) დაიბადა 1931 წელს, ტრანსვაალის პატარა ქალაქში, რომლის მთავარი ინდუსტრიაც ოქროს მაღაროები იყო. თავიდან მამამისის კვალს გაჰყვა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი, მაგრამ მასწავლებლის ხელობას თავი დაანება და საეკლესიო საქმიანობას შეუდგა.   

აპარტეიდის პირობების მიუხედავად, მან შეძლო ადვილად გაეკაფა გზა თავის საეკლესიო კარიერაში. ეკლესია, რომლის წიაღშიაც ის მოღვაწეობდა, არ იყო დომინანტური ეკლესია. იმ დროს სამხრეთაფრიკული ელიტის ეკლესია რეფორმატორული ეკლესია იყო, ტუტუ გახდა ანგლიკანური ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც უმცირესობის რელიგია იყო და დღემდე ასეთად რჩება. სწორედ ეს რელიგიური უმცირესობა გახდა სამხრეთ აფრიკის დემოკრატიული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მომხრე და ქომაგი. ამ საქმეში ტუტუს დამსახურება უდავოა. 

ტუტუს საეკლესიო წინსვლა 1976 წლიდან იწყება. ის ჯერ ლესოტოს ეპისკოპოსად  გაამწესეს. (ლესოტო ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც კუნძულივით არის მოქცეული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში). შემდეგ ის ეპისკოპოსის თანაშემწე გახდა იოჰანესბურგში და სამრევლო ჩააბარეს სოვეტოში, რომელიც უღარიბესი დასახლება (township) იყო იოჰანესბურგის გარეუბნებში. მალე ის გახდა იოჰანესბურგის საკათედრო ტაძრის პირველი შავკანიანი წინამძღოლი და მაშინვე შეუდგა ბრძოლას სოციალური და რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ, რითაც ის დაუპირისპირდა თეთრკანიანი უმცირესობის ბატონობას ქვეყანაში. 

მისი ბრძოლა სოციალური და რასობრივი სამართლიანობისათვის, მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად, მტკიცედ ეფუძნებოდა არაძალადობის პრინციპს, რითაც ის  განსხვავდებოდა ნელსონ მანდელასაგან, რომელიც აპარტეიდის წინააღმდეგ ეწეოდა პოლიტიკურ ბრძოლას. 

ტუტუს ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩენილა საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის. 1984 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დაცვის დარგში. ეს კი სილის გაწვნას წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თეთრკანიანი მმართველებისათვის.

სურათზე: ტუტუ ნობელის პრემიის მიღებისას

მისმა საერთაშორისო აღიარებამ მეტი წონა მისცა ტუტუს საქმიანობას როგორც შინ, ისე გარეთ. მალე ის აირჩიეს კეიპ თაუნის მთავარეპისკოპოსად, რომელიც უმაღლესი საეკლესიო თანამდებობაა სამხრეთ აფრიკის ანგლიკანურ ეკლესიაში. დეზმონდ ტუტუს ინტრონიზაციას, ანუ მთავარეპისკოპოსის ტახტზე აღსაყდრებას დაეწრნენ კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი, დოქტორი რობერტ რანსი (1921-2000) და მარტინ ლუთერ კინგის ქვრივი, კორეტა სკოტ კინგი (1927-2006). 

ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის როლში კიდევ უფრო მეტად  გააძლიერა აქტიური ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ. 1988 წელს მან განაცხადა: "ჩვენ უარს ვამბობთ ფეხების გასაწმენდი ტილო ვიყოთ, რათა ამ მთავრობამ ჩვენზე დაიწმინდოს ჩექმები". მის აქტივობას მალევე მოჰყვა ტუტუს დაპატიმრება და დევნა ხელისუფლების მხრიდან.

სამხრეთ აფრიკელების ბრძოლამ და საერთაშორისო მხარდაჭერამ დააჩქარა რეფორმების დასაწყისი ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ აფრიკის უკანასკნელმა თეთრკანიანმა პრეზიდენტმა, დე კლერკმა გამოაცხადა.1990 წელს ნელსონ მანდელა გამოუშვეს ციხიდან, სადაც მან 19 წელი გაატარა და მანდელას პარტიას, რომელიც მანამდე აკრძალული იყო, თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცა. სამხრეთ აფრიკა გათავისუფლდა აპარტეიდისგან. ტუტუ ნამდვილად ბედნიერი წავიდა ამ სოფლიდან, რადგან თავისი ქვეყნის საოცნებო თავისუფლებას მოესწრო. ამის მიუხედავად, ის კრიტიკას არ აკლებდა სამხრეთ აფრიკის შავკანიან მმართველებსაც, როდესაც საქმე უსამართლობასა და კორუფციას შეეხებოდა. 

ნელსონ მანდელამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დეზმონ ტუტუ დანიშნა "სამართლისა და შერიგების კომისიის" თავმჯდომარედ, რომლის დანიშნულებაც პოლარიზებული საზოგადოების ჭრილობების მოშუშება და ეროვნული თანხმობის დამყარება იყო. 

ბევრის თქმა და მოყოლა შეიძლება გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსის მოღვაწეობაზე, მაგრამ, ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, რომ The Arch-ის სულიერი მემკვიდრეობიდან რამოდენიმე განზომილება მოკლედ შევაჯამოთ. 

აპარტეიდის წინააღმდეგ 

დეზმონდ ტუტუ თავგადაკლული მოწინააღმდეგე იყო აპარტეიდისა. მისი ბრძოლა თეთრკანიანი უმცირესობის ტირანიის წინააღმდეგ მოტივირებული იყო არა პოლიტიკით, არამედ რელიგიით. მას გულწრფელად სწამდა ღმერთისა და დარწმუნებული იყო, რომ აპარტეიდი ღმერთის ნების საწინაარმდეგო რეჟიმი იყო, ამიტომაც ებრძოდა ის აპარტეიდს ბოლომდე. 

ამავდრულად, ის იყო გულანთებული მოწაფე იესო ქრისტესი და ამიტომ მუდამ გმობდა ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის შთააგონებდა თავის მსმენელებს ეკლესიის კათედრიდან ქადაგებისას თუ მის მიერვე ორგანიზებული გამოსვლებისას, რომ ძალადობის გზა სრულებით გამოერიცხათ თავიანთი ბრძოლიდან. 

მას გულწრფელად სჯეროდა, რომ აპარტეიდის პირობებში მჩაგვრელებსა და ჩაგრულბს ერთნაირად სჭირებოდათ ერთმანეთი: 

"ალბათ, ჩაგვრა მჩაგვრელს უფრო აკარგვინებდეს ადამიანობას, ვიდრე ჩაგრულს. მჩაგვრელსა და ჩაგრულს ერთმანეთი იმისათვის  სჭირდებათ, რომ  ნამდვილ თავისუფლებას ეზიარონ და ადამიანები გახდნენ". - ამბობდა იგი. 

აპარტეიდის დამხობის შემდეგ ის იტყვის: "მართალი და სამართილიანი ბრძოლისათვის საჭიროა მართალი და სამართლიანი ბრძოლის ხერხების გამოყენება". ამ პრინციპისთვის მას არასდროს უღალატია.

სურათზე:  დეზმონდ ტუტუ საპრეზიდენტო ჯილდოს მიღებისას

სიმართლე და შერიგება 

1994 წელს დეზმონდ ტუტუ დაინიშნა "სიმართლისა და შერიგების კომისიის" თავმჯდომარედ. ამ კომისიის მიზანი იყო შეესწავლათ აპარტეიდის დროს მომხდარი დანაშაულებანი. დეზმონდ ტუტუმ ამ პროცესის წარსამართავად აირჩია მოდელი, რომლის მიხედვითაც  სიმართლის გამომზეურება აღიარებული იქნა, როგორც პატიებისა და შერიგების წინაპირობა. ამ პროცესმა დიდი წვლილი შეიტანა სამხრეთ აფრიკის პოლარიზებული და დააწევრებული საზოგადოების გაერთიანებაში. დეზმონდ ტუტუს ეკუთვნის ეს სიტყვები: 

"პატიების გარეშე მომავალი ვერ ექნება ურთიერთობას ვერც ადამიანებს შორის  და ვერც ერში და ვერც ერებს შორის". 

მისი ანალიზი შერიგების მნიშნელობის შესახებ შეიძლება საქართველოშიც გამოგვადგეს ახლა, როდესაც შერიგებასა და თანხმობაზე ვსაუბრობთ, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა გვაქვს ეს რას ნიშნავს და რა კომპონენტებია ამ პროცესისათვის საჭირო. აი, რას ამბობდა თავად The Arch-ი შერიგების შესახებ:

"შერიგება ალტრუისტული აქტი არ არის, არამედ თვითდაინტერსების აქტი. პატიება ადამიანს აძლევს მხნეობას, რომ  გაუძლოს გასაძლებელს და შეინარჩუნოს ადამიანობა, მაშინაც კი, როცა მას დეჰუმანიზაციისაკენ უბიძგებენ". 

ტუტუმ ამ "სიმართლისა და შერიგების კომისას" 1998 წლამდე უხელმძღვანელა და შექმნა მოდელი, რომელიც წარმატებულად მუშაობს ისეთ პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში, როგორებიცაა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი - ჩრდილოეთ ირლანდია, სოლომონის კუნძულები. 

მშვიდობისა და სამართლიანობის ადვოკატირება 

დეზმონდ ტუტუ უსამართლობის დაუნდობელი კრიტიკოსი იყო მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს გამოაცხადა, მე საჯარო ცხოვრებიდან მივდივარო, სინამდვილეში, არსადაც არ წასულა. ის ბოლომდე  იბრძოდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ. 

ტუტუს სახით მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო მშვიდობის და შერიგების ქომაგი. ტუტუ ხშირად ჩადიოდა კვიპროსში ბერძენი  და თურქი კვიპროსელების შესარიგებლად. 

ის ერთგულად იდგა პალესტინელების უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რითაც ხშირად აღიზიანებდა ისრაელის ხელისუფლებას. 

ის სტუმრად იყო ჩასული ირანში და შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს და სხვა ლიდერებს რეგიონში მშვიდობისა და შერიგებისათვის ხელისშეწყობის მიზნით. 

2017 წელს ტუტუ გამოესარჩლა მუსლიმ როჰინჯებს მიანმარში და მკაცრად გააკრიტიკა თავისი ნობელიანტი კოლეგა, სან სუუ ჩიი, გაუბედავობისათვის, რომელსაც ის იჩენდა მუსლიმი უმცირესობის დასაცავად და "ეთნიკური წმენდის" აღსაკვეთავად. 

ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცისათვის ბევრის გაკეთება მოასწრო The Arch-იმ. ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მან მკაფიოდ გამოხატა 2007 წელს ბიბისისათვის მიცემულ ინტერვიუში და ყველას დაამახსოვრა თვი თავისი გამონათქვამით: "ღმერთი რომ მართლა ჰომოფობი იყოს, როგორც ამას ვიღაც-ვიღაცეები გვაჯერებენ, მე მასზე ვერ ვილოცებდი". რამოდენიმე წლის შემდეგ ეს აზრი კიდევ უფრი განავრცო: "ჰომოფობიურ სამოთხეზე მე უარს ვიტყოდი...მე ამას სხვა ადილას წასვლას ვამჯობინებდი". ტუტუ, ცხადია, "სხვა ადგილში" ჯოჯოხეთს გულისმობდა. ის არ ზოგავდა კრიტიკისგან საკუთარ ეკლესიასაც, სადაც ლგბტ ადამიანების ეპისკოპოსებად ხელდასხმაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. 

"ღმერთი ტირის", ამბობდა დესმონდ ტუტუ, როდესაც ის აკრიტიკებდა თავის ეკლესიას იმის გამო, რომ სიღარიბესთან ბრძოლის მაგივრად, ეკლესია ჰომოსექსუალობაზე დავას იყო გადაყოლილი. 

ეკუმენური და ინტერრელიგიური სულისკვეთება 

ტუტუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელმსახური იყო, როდესაც ის სამხრეთ აფრიკის ეკუმენური საბჭოს წინამძღოლად აირჩიეს. ამ ტრიბუნას და ეკლესიათა მსოფიო საბჭოსთან თანამშრომლობას იყენებდა თავისი ხალხის აპარტეიდისგან გასათავისუფლებლად. მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა თითქმის ყველა ეკლესიის წინამძღოლებთან მთელ მსოფლიოში. 

სურათზე: იოანე პავლე მეორე და დეზმონდ ტუტუ

მისი ინტერრელიგიური ურთიერთობებიც ასევე ფართო იყო და მასშტაბური. მაჰათმა განდიზე საუბრისას, რომელიც მითვის ყველაზე  მისაბაძი წინამძღოლი იყო მარტინ ლუთერ კინგთან ერთად, ტუტუმ განაცხადა: 

"ღმერთს ის არ აღელვებს, რომ მაჰათმა განდი ქრისტიანი არ არის, რადგან ღმერთი არც თვითონ არის ქრისტიანი! ყველა ღმერთის შვილია. განსხვავებული რელიგიების არსებობა ჩვენ იმაში გვეხმარება, რომ ღმერთის უსაზღვრო, სიდაიდე დავინახოთ".

ეს მარტო ლიტონი სიტყვები არ იყო, ის მართლა ხედავდა ღმერთის სიადიადეს ყველა რელიგიაში, მათ შორის, ისეთ რელიგებშიც, სადაც ღმერთზე ლაპარაკი მიღებული არ არის. 

დეზმონდი ძალიან მეგობრობდა ბუდისტ წინამძღოლთან, დალაი ლამასთან. მათი თითოეული შეხვედრა ზეიმი იყო. ბევრს იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ანეგდოტებს ჰვებოდნენ საჯაროდ. მათი ურთიერთობა ნამდვილი მოწმობა იყო ინტერრელიგიური ურთიერთობის ძალისა და მნიშვნელობისა. 

დალაი ლამა და დეზმონდ ტუტუ - განუყრელი მეგობრები

The Arch-ის არც თუ ისე საიდუმლო იარაღი 

ხშირად მიფიქრია, როგორ მოხდა, რომ ტუტუ ვერ მოიშორეს თავიდან ჰეგემონური ძალების წარმომადგენლებმა, ისე, როგორც თავის დროზე მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი მოიშორეს. 

აქ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მას შეეძლო მტერთან და მოყვარესთან ოსტატურად გამოეყენებინა თავისი საიდუმლო, ან არც ისე საიდუმლო იარაღი - უწყინარი იუმორის უბადლო გრძნობა და ადამიანის უპირებო სიყვარულისა და პატივისცემის იმპულსი. 

ნელსონ მანდელას აქვს მასზე ნათქვამი: "ზოგჯერ მკაცრია, უფრო ხშირად რბილია,  შიში არ იცის და იშვიათად არის იუმორის გარეშე". 

მისი გარდაცვალების შემდეგ დედოფალმა ელისაბედ მეორემ მწუხარება გამოთქვა ადამიანის უფლებებისათვის დაუღალავი მებრძოლის გამო და გაიხსენა "სიყვარულით მასთან შეხვედრა, მისი სითბო და იუმორი". 

კენტერბერიის ახლანდელმა მთავარეპისკოპოსმაც მხარი აუბა დედოფალს და განაცხადა: "ტუტუ იყო გადამწყვეტი ფიგურა იმ ბრძოლაში, რომელმაც შექმნა ახალი სამხრეთ აფრიკა და მას გაიხსენებენ მისი სულიერი წინამძღოლობისა და ხეირიანი იუმორის გამო." 

მისი იუმორი ხშირად ხელს უწყობდა მასთან დაპირისპირებული ძალების განიარაღებას. „თუ მშვიდობა გინდა ადამიანს, უნდა ელაპარაკო არა მეგობრებს, არამედ მტრებს.“ - ამბოდა იგი და არა მარტო ამბობდა, არამედ თავად იქცეოდა ასე. 

გლოვა 

The Arch-ის  წასვლას ბევრი გლოვობს: სამხრეთ აფრიკელები - ვინც ახლა აპარტეიდისგან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ; სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლები - ვისთვისაც ტუტუ დიდი მოკავშირე იყო თავიანთ საქმიანობაში;  სასულიერო პირები - ვისაც მაგალითი დაუტოვა ტუტუმ ღმერთის ერთგულების გამო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა; პალესტინელები და მიანმარელი მუსლიმები - ვინც ასე მადლიერები არიან მისი თანადგომისა...  

ამ გლოვას მეც შევუერთდები და ახალი წლის პირველ დილას სანთელს ავუნთებ მშვიდობის კათედრალში დიდიე წინასწარმეტყველის ხსოვნას, პანაშვიდს გადავუხდი და ღმერთს შევავედრებ ყველას, ვისაც გული დასწყვიტა the Arch-ის წასვლამ.

კომენტარები