სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კობახიძე თოლორაიაზე: როდესაც მოხდა პროექტის დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს. მისი თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც კანონპროექტი დაინიცირეს. 

"საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ეს სამსახური ორ ნაწილად ჩამოყალიბებულიყო და გამიჯნულიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა. ახლა არის დრო რომ ეს გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორი სამსახურით. არავითარი ფუნქციები არ აკლდება, პირიქით, ემატება გამოძიების ნაწილში.  

როდესაც მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში სამსახურის ხელმძღვანელი, ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე ჩვენ დავაინიცირეთ".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. თოლორაიას თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუსისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

 

 

კომენტარები