გენოციდი ჩინეთში

აშშ-მ ჩინელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა და სინძიანიდან საქონლის იმპორტი აკრძალა

სი ძინფინგი და ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინეთის სინძიანის პროვინციიდან საქონლის იმპორტს კრძალავს. გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევასა და ეთნიკური უიღურების იძულებით შრომაში. 

ჩინეთს ბრალად ედება სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სპეციალურ "საგანმანათლებლო" ბანაკებსა და ციხეებში მოთავსება, სადაც მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა. 

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია.

ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. გარდა ამისა, ხშირი იყო არაადამიანური მოპყრობის, იძულებითი შრომისა და წამების შემთხვევებიც. 

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროპის ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის მიერ სინძიანში უიღურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადეს

ოფიციალური პეკინი უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებას "ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას" და საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-მ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა
 

კომენტარები