ევროკავშირი-საქართველო

ევროპის ბანკი საქართველოს სოფლებში ინტერნეტის განვითარებისთვის 34 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში ინტერნეტ ქსელის გაფართოებისთვის 34 მილიონ ევროს სესხს გამოყოფს.

პროექტის მიზანი საქართველოს 1 000 სოფელში 500 000-მდე მომხმარებლისთვის სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტკავშირის შექმნაა. ევროკავშირის ბანკი 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას დააფინანსებს. 

"საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის სფეროში ინვესტიცია მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის და, ასევე, კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით უკვე დავიწყეთ ადგილზე რეალური სარგებლის მოტანა. 

ეს ფლაგმანური პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას და სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული სხვაობის შემცირებას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, დაახლოებით, 1000 სოფლისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში". – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. 

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს. ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და დღემდე გამოყოფილი თანხის ჯამური მოცულობა 1.85 მილიარდ ევროს შეადგენს. 

კომენტარები