თბილისის მერია

კალაძე: არ შევეგუებით მიწების მიტაცებას და უკანონო მშენებლობებს, დემონტაჟი განხორციელდება

მინდა, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის - ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ, ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო საკუთრებებზეც ახორციელებენ უკანონო მშენებლობას. ნაკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ მიწების დატაცება ხდება და იქ უკანონო მშენებლობები ხორციელდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, ყველას დავპირდე, რომ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. [...] ჩვენ წინა შემთხვევებში ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან - კონკრეტული ადამიანები, ვისაც 2-3 საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში ჰექტრობით მიწები აქვთ, ეწევიან სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. ძალიან პრინციპულები ვიქნებით.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. მუნიციპალურმა ინსპექციამ კალაძის დავალებით 2020 წლის დეკემბერში აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უნებართვოდ აშენებული შენობა დაანგრია - მათ შორის იმ ოჯახების, რომელთა წევრებიც ამბობდნენ, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო. თუმცა, კალაძე ამტკიცებდა, რომ მათ, ვინც სახლები ააშენეს, სახლები და მიწები ჰქონდათ. 

კომენტარები