ენმ

"რეჟიმის შეცვლის შემდეგ აქტივისტებს ჯარიმები ჩამოეწერებათ და კომპენსაციას მიიღებენ" – ენმ

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება აღარ იქნება, პარტიის ინიციატივით, უსამართლოდ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოაწერენ და მათ კომპენსაციას გადაუხდიან.  

"თუ ციხეში არ უშვებენ, ამ ადამიანებს აჯარიმებენ ათასობით ლარით. აქტივისტებს დაყადაღებული აქვთ ანგარიშები. ფაქტობრივად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ქართულმა ოცნებამ მათ აუკრძალა სიცოცხლეც კი, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ, იმუშაონ, მათ არ შეუძლიათ, საკვები მიიღონ ან რაიმე თანხა განკარგონ, იმიტომ, რომ დაყადაღებული ქვთ აბსოლუტურად ყველაფერი. ასევე, კარგად იცის საზოგადოებამ, რომ გარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებისა, ქართული ოცნება, ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანებზე ღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს. დიდ ნაწილს გამოძიებაზე წლობით უწევს სიარული, მათ დიდ ნაწილს უწევს ციხეში ყოფნა. 

[...] ენმ-ში მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური ნიშნით აქციაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი და მათ გადაეხდებათ კომპენსაცია. მინიმუმ, კომპენსაცია იქნება ორმაგი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება იყენებს ამ ადამიანების სადამსჯელოდ. ყველა პირს, ვინც აქციაზე გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის უკანონოდ დააკავეს პოლიტიკურად, გადაეხდებათ კომპენსაციის სახით ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა ქართულმა ოცნებამ. ასევე, ვინც იყო რეჟიმის მსხვერპლი და აქციაზე უკანონოდ დააკავეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჰყავდათ ან ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ლევან ხაბეიშვილმა ასევე ისაუბრა "სამართლებრივი ღონისძიებების გატარებაზე", რომელიც, მისივე სიტყვებით, აუცილებლად მოუწევთ იმ პოლიციელებისა და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც "სჩადიან უკანონობას".  

"არ შეიძლება, არ აღინიშნოს მეორე მხარე, ვგულისხმობ მოსამართლეებს და პოლიციელებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ღებულობენ გადაწყვეტილებას. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, შემდეგ სასამართლოზე ცრუ მოწმეები არიან ხოლმე და მოსამართლეებს, რომლებიც ღებულობენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. 

ჩვენ ყველა ასეთ აქციას ვაარქივებთ, სადაც კარგად არის აღბეჭდილი, რომ კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და მათი დაკავება ხდება უკანონოდ. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხებზე - როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კომპენსაციაზე, ასევე, უკანონოდ მყოფი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კომპენსაციაზე და იმ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისკენ, რომლებიც აუცილებლად მოგვიწევს იმ პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც სჩადიან უკანონობას". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგზე. 

კომენტარები