კორონავირუსი საქართველოში

ლომჯარია: მთავრობის მიდგომებმა COVID 19-ის მართვაში სიცოცხლის უფლებას საფრთხე შეუქმნა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მმართველი გუნდი COVID 19-ის მართვის მიდგომებისა და მოდელის გამო, ომბუდსმენის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას გააკრიტიკა. ლომჯარიას თქმით, აღნიშნულმა მოდელმა და ხელისუფლების მიდგომებმა ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

ომბუდსმენით თქმით, ასევე არაეფექტური იყო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიაც.

"გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ ეფუძნებოდა.

ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ასე შემდეგ, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული ან სამედიცინო ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით". – ამბობს ნინო ლომჯარია.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 882 822 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  825 442 პაციენტი და გარდაიცვალა –   12 631.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 723, საიდანაც 6 266 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 172 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 37 285 - ბინაზე. მძიმე პაციენტია 1 555, მათგან 344 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები