დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: დიდმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნის საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეცვალონ

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ვიდეოშეხვედრის დროს ბაიდენმა მკაფიოდ განუმარტა პუტინს, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ყოფილა აშშ-ს მხრიდან წნეხი უკრაინაზე, რათა ის დათმობებზე წავიდეს რუსეთთან, პრაისმა უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა, ვიდეოშეხვედრის დროს რაიმე შეთანხმება არ გაფორმებულა და ეს საკითხები საერთოდ არ ყოფილა განხილვის თემა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაძაბულობის განმუხტვის და შესაძლო კონფლიქტის თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური გზა მინსკის შეთანხმების სრული შესრულებაა. მინსკის შეთანხმება განმარტავს რა უნდა გააკეთოს რუსეთმა და რა - უკრაინამ. ვფიქრობთ, რომ ამაზე უნდა დავხარჯოთ ენერგია. ეს საკითხი განგვიხილავს უკრაინელ პარტნიორებთან. ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განუმარტა პრეზიდენტ პუტინს, ხოლო სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებას უმეტესად რუსეთის ფედერაცია არღვევს. პრაისის თქმით, დიალოგი მდგომარეობის დეესკალაციისთვის უნდა შედგეს და ის არ იქნება დათმობა ან რუსეთისთვის რაიმე სახით ხელისშეწყობა და კომპრომისზე წასვლა.

"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ NATO-ში ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს სხვა ევროპელ პარტნიორებთან, რათა ვიყოთ სრულად კოორდინირებული და ერთად ვიმუშაოთ. დეესკალაციის კონტექსტში ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეებს შორის დიალოგს და ეს მოიცავს რუსეთს, უკრაინას, NATO-ს. რუსეთისა და NATO-ს დიალოგი ხდება NATO-რუსეთის საბჭოს, ეუთოს და სხვა მექანიზმების გამოყენებით, ეს მექანიზმები იყო დეესკალაციის გასაღები ცივი ომის პიკში და ცივი ომის შემდეგომ მსოფლიოში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახლაც ვერ შეძლებს დიალოგი იგივეს გაკეთებას. დიალოგი არ არის დათმობა, დიალოგი არ არის [რუსეთისთვის] ხელის შეწყობა, დიალოგი არ არის კომპრომისი. თუ დიალოგს შეუძლია მდგომარეობის დეესკალაცია, თუ დიალოგი შედგება დეესკალაციის უფრო ფართო კონტექსტში, ვფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს კონსტრუქციული ელემენტი და მზად ვართ ამას მხარი დავუჭიროთ." - თქვა პრაისმა.

პრაისმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დაკავშირებით უფრო ფართო საკითხია, პუტინის სურვილი, გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი, ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები.

"ეს არ არის მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყნის საზღვრებს ბედზე. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, მაგრამ უფრო ფართო საკითხია ასეთია: გარკვეულწილად საკითხი უკრაინაზე უფრო ფართოა. იმიტომ რომ, ვლადიმირ პუტინს სურს გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი, გვერდი აუაროს იდეას, რომ დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები, ძალის გამოყენებით არ უნდა შეცვალონ სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა. ეს არ შეიძლება და არ უნდა მოხდეს თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციას უკრაინასთან, მაგრამ ეს არის უფრო ფართო საკითხი, რომელიც იკვეთება როგორც ევროპაში ასევე ინდო-წყნაროკეანეთში. ამ საკითხთან მიმართებით არ იქნება დათმობები და მოლაპარაკებები.

დიალოგს შეუძლია გაზარდოს კომუნიკაციის დონე და ასევე გამჭვირვალობა. თუ რუსეთის ფედერაციის თუ რაიმე მცდარი წარმოდგენა აქვს და არ ესმის რა არის და არის NATO, რისი გაკეთება სურს, მაშინ დიალოგს შეუძლია ამ საკითხში დახმარება. დიალოგი არ არის საზღვრების ან უკრაინის გარეშე უკრაინის განხილვისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი მოკავშირის, უკრაინის გარეშე რამე გავაკეთოთ." - თქვა პრაისმა.


უკრაინის საზვრებთან დაძაბული მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციები დაწესება. ასევე უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს ასევე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები