დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი: ის, რაც დონბასში ხდება, გენოციდს მახსენებს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ის რაც დონბასში ხდება, მას გენოციდს ახსენებს. მან ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

პუტინი გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტოს, Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორის თხოვნას, კანონმდებლობაში შეეტანათ ისეთი ცნებები, როგორიცაა "გენოციდი" და "გენოციდისკენ მოწოდება".

"უნდა ვისაუბრო რუსოფობიაზე, როგორც პირველ ნაბიჯზე გენოციდისკენ. ის, რაც ახლა დონბასში ხდება, ჩვენ კარგად ვხედავთ, ვიცით. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მახსენებს გენოციდს, რომელიც ახსენეთ. მაგრამ აქ ძალიან ფრთხილი ქმედებაა საჭირო, რათა ეს ცნება არ გაუფასურდეს. მაგრამ, უნდა უნდა აისახოს რეალური მოვლენები. მოდი დავფიქრდეთ", – თქვა პუტინმა. 

ამ წლის ნოემბერში, პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ჰუმანიტარული დახმარების ბრძანებას. უკრაინის მხარის თქმით, ეს ბრძანება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმების შინაარსს. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები