COVID-19 გერმანიაში

ბერლინის კლუბებში 8 დეკემბრიდან ცეკვა აიკრძალება

გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის კლუბებში 8 დეკემბრიდან ცეკვა აიკრძალება. გადაწვეტილება ბერლინის სენატმა დღეს დაადასტურა.

გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ კორონავირუსის ახალ ტალღასთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით, იმ ფედერალურ მხარეებში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 350-ზე მეტია, კლუბები უნდა დაიკეტოს. თუმცა, ბერლინში, სადაც 100 000 მოსახლეზე 361 ინფიცირებული მოდის, ზემოხსენებული რეგულაცია ძალაში კლუბებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო ვერ შედის.

შესაბამისად, ბერლინში კლუბები მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ ახალი რეგულაციების მიხედვით კლუბებში სტუმართა რაოდენობის მხოლოდ 50% დაიშვება და მათ შეეხებათ სოციალური დისტანცირების რეგულაციებიც, რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ ცეკვის შეზღუდვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კოვიდშემთხვევების ზრდის გამო ბავარიის მხარეში, კლუბები უკვე დაიხურა, რეგულაციის ხანგრძლივობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამჟამინდელი მონაცემებით, გერმანიის მოსახლეობის 69%, ანუ 57.5 მილიონი მოქალაქეა სრულად ვაქცინირებული. ბოლო 1 კვირაში ქვეყანაში ინფიცირების საშუალოდ 56,232 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც გერმანიისთვის საკმაოდ მაღალი ნიშნულია.

კომენტარები