ხორბლის ფასი

რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი $85-მდე იზრდება

mechanization.ge

Reuters-ის თანახმად, რუსეთში ხორბლის გადასახადი 85 დოლარამდე იზრდება, რაც გადასახადის დაწესების შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ამ დროისთვის, 1 ტონა რუსული ხორბლის ღირებულება 330-340 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი მიმდინარე წლის ივნისიდან შემოიღო და მისი რაოდენობა 1 ტონაზე 58.78 აშშ დოლარი იყო. შემსყიდველებს გადასახადის გადახდა იმ შემთხვევაში უწვეთ, თუ ხორბლის ფასი 200 აშშ დოლარს გადაცდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დიმიტრი პატრუშევის თქმით, არსებული მცურავი საექსპორტო გადასახადის ფორმულა შესაძლოა შეიცვალოს, რათა მოხერხდეს უფრო მაღალი ფასების დაწესება იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის საერთაშორისო ფასი სამომავლოდ 1 ტონაზე 400 აშშ დოლარს მიუახლოვდება.

რუსეთში, რომელიც მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოსთვის ხორბლის უდიდესი ექსპორტიორა, ინფლაცია 6-წლიან მაქსიმუმზეა. მაღალი ინფალციის გამო რუსეთი 2022 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას აპირებს, რომელიც წლის ბოლოს მოსავლის მოცულობების დაზუსტებისა და სოფლის სამეურნეო წლის პირველი ნახევრის საექსპორტო ტემპების გათვალისწინებით განისაზღვრება.

2021/22 წლების სავაჭრო სეზონის დაწყების შემდეგ რუსული ხორბლის ექსპორტი 36.5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც შემცირებული მოსავლიანობა და საექსპორტო გადასახადია.

Business Insider-ის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისში 1 ტონა ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 180-190 აშშ დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ფასი, დაახლოებით, 60%-ით გაიზარდა და 2021 წლის ნოემბრისთვის 300-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოს ხორბლის იმპორტი თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულ ხორბალში გადახდილი თანხის 99.5% რუსეთზე მოდიოდა. საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველომ 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, დანარჩენი 490.9 ათასი ტონა კი იმპორტირებული იყო და მისმა ღირებულებამ 107.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

2021 წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 73 მლნ აშშ დოლარის ხორბალი და მესლინი იყიდა, წინა წლის 10 თვეში კი - 88.3 მლნ-ის. 2020 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და მესლინის ღირებულება 107.4 მლნ აშშ დოლარი იყო.

კომენტარები