კორონავირუსის ახალი შტამი

შტამ ომიკრონის გამო ისრაელმა 2 კვირით ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა

ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის ახალი შტამის, ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 2 კვირით უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. უცხოეთიდან ჩამოსული ისრაელის ყველა მოქალაქისთვის კი, სულ მცირე, სამდღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა.

ისრაელში ომიკრონის შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ორი კვირით ქვეყნის ჩაკეტვამდე ისრაელმა აფრიკის 50 ქვეყანა წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ისრაელში Covid-19-ის 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 8 100-ზე მეტი ადამიანი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, წინასწარი დასკვნები მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

კომენტარები